
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტები საფრთხეა არა მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობისთვის, არამედ საფრთხეა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კანონპროექტებს ვეტოს დაადებს. ზურაბიშვილის თქმით, ყველანაირი მიზეზისა და ლოგიკის გარეშე მთავრობამ და პარლამენტმა წარმოადგინეს კანონი, რომელიც პირდაპირ შთაგონებულია რუსული კანონით, და რომელიც მავნებლური კანონია ევროკავშირისთვის.
"ცხადია, ეს დემონსტრირებაა იმისა, რომ ჩვენ ევროპის საწინააღმდეგოდ მივდივართ, ვშორდებით ევროპას იმ მომენტში, როდესაც გვთხოვენ მასთან დაახლოებას. ამას აკეთებს საქართველოს მოსახლეობა დღეს: გამოდის ქუჩაში იმის სათქმელად, რომ ჩვენ გვინდა დაახლოება, ჩვენ გვინდა კანდიდატის სტატუსი, და როგორც მრავალჯერ მის ისტორიაში, საქართველოს მოსახლეობა თავად აჩვენებს რა უნდა მისი მომავლისთვის, მისი შვილებისთვის. ამ მომავლის დასაცავად მოვედი მე საქართველოში, ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც გავხდი პრეზიდენტობის კანდიდატი და რა თქმა უნდა, ეს ის მომავალია, რომელსაც მე ვიცავ და დავიცავ მოსახლეობის მხარდაჭერით, რომელიც ქუჩაში გამოვიდა გუშინ, დღეს, გამოვა ხვალ და იქნება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება იმისათვის, რომ არ მოხდეს ამ კანონის მიღება. მე მას დავადებ ვეტოს. მე ეს პირველი დღიდანვე გამოვაცხადე. სამწუხაროდ, მე არ მაქვს ძალაუფლება ვაიძულო პარლამენტი. პარლამენტს აქვს უმრავლესობა იმისათვის, რომ გვერდი აუაროს ჩემს ვეტოს. მნიშვნელოვანია ვანახოთ, სად არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. ამის ჩვენება მოხდა დღეს", - თქვა ზურაბიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვას, რას განიზრახავს ხელისუფლება ამ კანონით, რუსეთთან შეუქცევად დაახლოვებას თუ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისათვის ხელის შეშლას, ზურაბიშვილმა უპასუხა:
ყოველ შემთხვევაში, ასეთია მსგავსი კანონის შედეგი, რომელიც გაუგებარია ყველა ჩვენი პარტნიორისთვის. დღეს განცხადება გააკეთა ყველამ: ყველა ჩვენმა ძირითადმა ამერიკელმა და ევროპელმა პარტნიორმა, რომ ეს კანონი მიუღებელია, რომ ის არ მიდის სწორი მიმართულებით. მათ ან ვერაფერი გაიგეს, ან სხვა განზრახვები აქვთ. ეს მათ უნდა ვკითხოთ. მთავარი ხალხის მისწრაფებებია. მოვუწოდებ ევროპელ და ამერიკელ პარტნიოებს, აღიარონ საქართველოს მოსახლეობა თანამოსაუბრედ და პარტნიორად. ის განსაზღვრავს თავის მომავალს. ეს არის დემოკრატია.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე რუსული კანონპროექტების წინააღმდეგ მიმდინარე აქცია ხელისუფლებამ გუშინაც ძალის გამოყენებით დაშალა. პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და სხვა სპეციალური საშუალებები. სამართალდამცავები დემონსტრანტებს ძალის გამოყენებით აკავებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. შსს-ს წარმომადგენლები ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებსაც.
პოლიციამ ისევ 66 პირი დააკავა.