არ შევწყვეტთ მოსახლეობის ინფორმირებას, საინფორმაციო კამპანიას გავშლით - სეფაშვილი რუსულ კანონპროექტზე

გამოქვეყნდა:

გადაწყვეტილება კანონპროექტის უკან გაწვევის შესახებ მივიღეთ ერთობლივად, პოლიტსაბჭოს, „ქართული ოცნების“ და უმრავლესობის წევრებთან კონსულტაციის შედეგად, რადგან ჩვენ თვალნათლივ დავრწმუნდით, რომ უსამართლოდ იყო მიკერებული ამ კანონპროექტზე რუსული კანონის იარლიყი, – აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი, რომლის კომენტარსაც პირველი არხი ავრცელებს.

სეფაშვილი ამბობს, რომ "ემოციების ჩაცხრომის" შემდეგ, გააგრძელებენ "ხალხის ინფორმირებას" კანონპროექტთან დაკავშირებით:

"...ჩვენ არ შევწყვეტთ მოსახლეობის ინფორმირებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და როდესაც ჩაცხრება ემოციები, განვუმარტავთ მოსახლეობას, რას გულისხმობდა ეს კანონპროექტი, რატომ არის გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი საზოგადოების თითოეული წევრისათვის, სწორედ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ამგვარი დაპირისპირება, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნა. ჩვენი პირველი ამოცანა არის, რომ ხალხს ავუხსნათ და სწორად ვაჩვენოთ ის, თუ რას გულისხმობდა ეს კანონპროექტი, რატომ არის მნიშვნელოვანი გამჭვირვალობა და, განსაკუთრებით, უცხოური ძალებისაგან დაფინანსებული ფინანსების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ ამ მიმართულებით ფართო საინფორმაციო კამპანიას გავშლით. რა თქმა უნდა, მიუღებელია ფიზიკური დაპირისპირება, მოლოტოვის კოქტეილები, შეჭრა პარლამენტში, ცეცხლის გაჩენა და ა.შ. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე, სწორედ ამიტომ იქნა მიღებული ჩვენი გადაწყვეტილება“, – განაცხადა სეფაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს დილით ქართულმა ოცნებამ გაავრცელა განცხადება, კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით, თუმცა ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და აქტივისტები ამბობენ, რომ ბრძოლა გაგრძელდება, რადგან ოცნება გეგმავს მხოლოდ დროებით შეაჩეროს ეს პროცესი და პროტესტის ჩაცხრობისთანავე განაახლებს განხილვასაც და შეეცდება მის საბოლოოდ მიღებასაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი