
"ლელო" მადლობას უხდის იმ ახალგაზრდებს, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში "ოცნების" რუსულ კანონს აპროტესტებდნენ.
პარტიის ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ არ დაინახავენ იურიდიულად გაფორმებულ დოკუმენტს კანონის გამოწვევასთან დაკავშირებით.
"ჩვენ "ქართული ოცნების" არ გვჯერა. მე მგონი საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის და უახლოესი ისტორიის განმავლობაში ჩვენ ბევრჯერ დავინახეთ, თუ როგორ მოატყუა "ქართულმა ოცნებამ" საზოგადოება, აქედან გამომდინარე, ეს ბრძოლა გაგრძელდება, წინააღმდეგობა გაგრძელდება ყველა ფრონტზე, სანამ ჩვენ არ დავინახავთ კონკრეტულად, იურიდიულად გაფორმებულ დოკუმენტს კანონის გამოწვევასთან დაკავშირებით, კანონთან კი არ გვაქვს ჩვენ საქმე, რუსულ კანონთან, ჩვენ გვაქვს საქმე რუსულ ხელისუფლებასთან", - თქვა მამუკა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გაგზავნა წერილი ვენეციის კომისიაში კანონპროექტების გამოხმობის შესახებ. ასევე, მისი მტკიცებით, "ხალხის ძალამ" გადაწყვიტა მათი კანონპროექტი გამოიწვიოს და ამაზე პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე მიმართა წერილით. ხოლო უკვე პირველი მოსმენით მხარდაჭერილ კანონპროექტს, მეორე მოსმენაზე ჩააგდებენ.