
აშშ-ის საელჩო საქართველოში რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით, მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ საქართველოს არჩევანი ევროპული მომავალია. დიპლომატიური უწყება მიესალმება გაწვევის გადაწყვეტილებას, თუმცა დაჟინებით მოუწოდებს მმართველ პარტიას, ოფიციალურად უარყოს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას, რომელიც შეუთავსებელია ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან:
"ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ნათლად თქვა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავალია. მივესალმებით ქართული ოცნების გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის" შესახებ ორივე კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით. დაჟინებით მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, რომ ოფიციალურად უარყოს ეს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას, რომელიც შეუთავსებელია ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან. მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ გულწრფელად ერთად იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის სასწრაფოდ საჭირო რეფორმებზე, რაც საქართველოს მოქალაქეების მკაფიო სურვილია. " ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ქართულმა ოცნებამ რუსული კანონპროექტების გაწვევისა და პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენისას მისი ჩაგდების გადაწყვეტილების შესახებ განცხადება დღეს დილით გაავრცელა. მოგვიანებით პარტიის ლიდერებმა ამაზე საგანგებო ბრიფინგებზეც ისაუბრეს.