
პარტია "საქართველოსთვის" მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", განიხილონ მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტი რუსული გავლენებისგან დაცვის შესახებ. პარტიის განცხადებით, ოკუპანტს თავისის სახელი უნდა დაერქვას.
დეპუტატებმა დღეს სტატუსის მისაღებად და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ოპოზიციას მოუწოდეს, ხალხს აჩვენონ, მათთან ერთად იბრძვიან და არ დგამენ ნაბიჯებს, რომლებიც "ოცნების" პოლიტიკურ თაღლითობას დაეხმარება.
"საზოგადოებას მოვუწოდებთ, შევინარჩუნოთ ის აქტიურობა, წნეხი ხელისუფლებაზე, რომელსაც ბოლო დღეებია მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს. ამავდროულად, პოლიტიკოსებს მოვუწოდებთ, დავდგეთ ხალხთან ერთად და არა მათზე წინ, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვიბრძვით მათთვის და არ ვდგამთ არცერთ ნაბიჯს, რაც დაეხმარება ოცნების პოლიტიკურ თაღლითობას, აქტიურად ვემუშაოთ ჩვენ პარტნიორებს. ოცნების დეპუტატებს მოვუწოდებთ, ეცადეთ მაინც, შეასრულოთ ხელისუფლების ფუნქცია, აღასრულოთ ხალხის და არა ერთი ადამიანის ნება, თქვენ დააზიანეთ ქვეყნის იმიჯი, გამოასწორეთ, ხალხისა და პარტნიორების წინაშე. განიხილეთ ჩვენ მიერ ინიცირებული პროექტი რუსული გავლენებისგან დაცვის შესახებ, დაარქვით ოკუპანტს თავისი სახელი, დაუყოვნებლივ შეასრულეთ 12 რეკომენდაცია, რეალურად და არა ფიქციურად, დაიწყეთ მართლმსაჯულების სისტემით", - თქვა ბექა ლილუაშვილმა.
მისი განცხადებით, გააგრძელებენ კონსულტაციებს პოლიტიკურ სპექტრთან მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მხარდასაჭერად.