
"ხალხის ძალის" წევრი, თამარ ჩიბურდანიძის აზრით, "რუსული კანონპროექტის" დაინიცირებით, მთელ მსოფლიოს და ყველა ქართველს აჩვენეს, ვინ არის რეალურად დემოკრატიის წინააღმდეგ საქართველოში და ვის ეშინია სიტყვა აგენტის. მისი თქმით, "ხალხის ძალამ" შეძლო ლუსტრაცია, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში სხვას არავის გამოსვლია.
ის პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე დღეს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ოპოზიციონერ დეპუტატებს ევროკავშირისა და საქართველოს დროშა უჭირავთ.
"ჩვენ ისტორიული ფოტო დავდეთ! მთელს მსოფლიოს და ყველა ქართველს დავანახეთ, თუ ვინ არის რეალურად დემოკრატიის წინააღმდეგი საქართველოში, ვინ ამყოფებს ქვეყანას მონობაში და ვის ეშინია სიტყვა "აგენტის" !
ჩვენ ლუსტრაცია მოვახდინეთ, რაც ვერ შესძლო ბოლო 30 წლის განმავლობაში ვერავინ. ჩვენ ყველას ვაღიარებინეთ საკუთარი თავი საჯაროდ, თავად ვაყვირეთ, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი აგენტია.
ამ ფოტოს შევინახავ და შემდეგ თაობებს ვანახებ თვითგამჭირვალობის საუკეთესო მაგალითად!
ეს დიდი გამარჯვებაა!" - წერს ჩიბურდანიძე.
ცნობისთვის, კრიტიკისა და პროტესტის შემდეგ დღეს, 10 მარტს, საპარლამენტო უმრავლესობამ ინიცირებული და პირველი მოსმენით მხარდაჭერილი "რუსული კანონი" მეორე მოსმენაზე ჩააგდო. "ხალხის ძალამ" უკან გაიწვია მათ მიერ დაწერილი კანონპროექტიც, რომელიც ჯერ კენჭისყრაზე გატანილი არ იყო.