
"მნიშვნელოვანია სასწრაფოდ დაიწყოს ყველა პუნქტის შესრულება, ვგულისხმობ, ევროკავშირის სტატუსის მიღების გასაღებისთვის 12 პუნქტის შესრულებას და ეს მოხდეს ისევე სწრაფად, როგორც დღეს, 25 წამში დაასრულეთ პარლამენტის სხდომა და ესეც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იყო ყველაზე ხანმოკლე პარლამენტის სხდომა" - "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, არცერთი მოქალაქე არ აპირებს დანებებას და ყველა იბრძოლებს ბოლომდე საქართველოს ევროპული მომავლისთვის.
მისი თქმით, ახალი კვირიდან უნდა დაიწყოს 12-ვე პუნქტის შესრულება, რომ სტატუსს საფრთხე არ დაემუქროს. მან ახალგაზრდებს და აქციის სხვა მონაწილეებს მადლობა გადაუხადა:
"დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეს იყო ყველაზე წარმატებული პროტესტი, პროტესტი რომელიც განახორციელა ქართველმა ხალხმა და გამარჯვებამდე მიიყვანა ახალგაზრდებმა. გულწრფელად უნდა ითქვას ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე, ამ ადამიანების პროტესტი უკავშირდებოდა არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს, არამედ, "ყველაზე დიდი პარტიის" ინტერესებს, რომელსაც ჰქვია საქართველოს, ჩვენი ევროპული მომავალი და ეს ადამიანი, ახალგაზრდები იცავდნენ, დაიცვეს და დაამსხვრიეს მითი ბიძინა ივანიშვილის დაუმარცხებლობის. ის, რომ აქამდე ბიძინა ივანიშვილი კარნახობდა ბიძინა ივანიშვილი დღის წესრიგს ამ ქვეყანას ეს რეალობა არის დანგრეული და ეს რეალობა დაანგრია მისმა აღმატებულებამ, ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა", - თქვა ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, ამ დღეების განმავლობაში მნიშვნელოვანი იყო ოპოზიციას ეჩვენებინა მაგალითი იმის, თუ როგორ არ უნდა იყვნენ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით დაკავებული.