
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "საქართველოში მიმდინარე შიდა კრიზისი შესაძლებელია საფრთხე გახდეს მთლიანი ტრანსკავკასიის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის."
მარიონეტული "უწყება" "შიდა კრიზისს" საქართველოში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს უწოდებს და წერს, რომ ამ "კრიზისში" ქვეყანა დასავლელმა "ე.წ. მეგობრებმა შეიყვანეს".
"აშკარაა, რომ ეს განვითარებადი, სერიოზული შიდაპოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ქვეყანა მისმა დასავლურმა კურატორებმა და ეგრეთ წოდებულმა მეგობრებმა შეიყვანეს, შეიძლება გახდეს საშიშროება მთლიანი ტრანსკავკასიის რეგიონის სტაბილურობისთვის და უსაფრთხოებისთვის. ეს დასტურდება პროტესტის მონაწილეთა სლოგანების ტრანსფორმაციით, რომლებიც გასცდნენ საქართველოს საშინაო პოლიტიკური აჯენდის საზღვრებს და ხალხს მოუწოდეს ახალი კამპანიისკენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ", - წერია ე.წ უწყების განცხადებაში.
"სამინისტრო" აღნიშნავს, რომ შეშფოთებული არიან "საქართველოში მოქმედი დესტრუქციული პოლიტიკური ძალების დემონსტრაციების ხასიათით და მათ უკან მდგომი დასავლელი მოთამაშეებით, რომლებიც საქართველოს ოპოზიციას ბევრი წლის განმავლობაში კვებავდნენ, რომ გამოეწვიათ სიტუაციის დესტაბილიზაცია".
ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს სჯერა, რომ უკანასკნელი მოვლენები საქართველოში, პროვოკაციების მცდელობები ყარაბაღის რეგიონში, დნესტრისპირეთში და ბელარუსში ერთ ჯაჭვს უკავშირდება.
საოკუპაციო რეჟიმის "სამინისტრომ" იმედი გამოთქვა, რომ "საქართველოს ხელისუფლება შეძლებს და მოაგვარებს საგარეო ძალების მიერ გამოწვეულ კრიზისს" და არ დაუშვებს "მეზობელი სახელმწიფოების" წინააღმდეგ აგრესიის ახალი ტალღის გაღვივებას.