პარლამენტი დღეს დილიდან ისევ პოლიციის განსაკუთრებული დაცვის ობიექტი იყო. რუსული კანონის ჩაგდების შესახებ საჯარო დაპირების მიუხედავად პროცესისადმი ნდობა არავის ჰქონდა. თუმცა უმრავლესობის დეპუტატები ჯერ ბიუროს სხდომაზე და შემდეგ სხდომათა დარბაზში გამოცხადდნენ. ყველა უარყოფდა, მაგრამ უხერხულობა ქართული ოცნების წევრებს სახეზე აშკარად ეტყობოდათ.
სამი დღის წინ ფორსირებულად მიღებული კანონი კიდევ უფრო სწრაფად ჩააგდეს და ისტორიულად ხანმოკლე სხდომა ზედმეტი განცხადებების გარეშე დაიხურა. დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ კი დეპუტატებმა ფაქტობრივად დაადასტურეს, რომ აზრი არ შეუცვლიათ, ისევ ემხრობიან რუსულ კანონს, მაგრამ წინააღმდეგობას ვერ უწევენ ქართველ ხალხს.
1 მომხრე, 35 წინააღმდეგი - მეორე მოსმენით რუსული კანონპროექტი საგანგებო სხდომაზე ჩავარდა.
სხდომის დასრულების შემდეგ მალევე გასაჯაროვდა კენჭისყრის ანგარიში. ირკვევა,რომ უმრავლესობის დარბაზში მყოფი 68 დეპუტატიდან რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა არცერთმა არ მისცა და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. 35-ივე წინააღმდეგი ოპოზიციონერი დეპუტატია. ერთი მომხრე კი დიმიტრი სამხარაძე, უმრავლესობის გამორჩეულად აგრესიული იდეოლოგი,რომელსაც განათლება რუსეთში აქვს მიღებული.
ინფორმაციის გადასამოწმებლად სამხარაძეს ოთახში მივაკითხეთ,თუმცა აღმოჩნდა რომ აგრესიულმა დეპუტატმა პარლამენტი კენჭისყრის შემდეგ მალევე დატოვა. მოგვიანებით კი პრესსამსახურის საშუალებით შემოგვითვალა,რომ მწვანე ღილაკზე თითი შემთხვევით მიეჭირა...
3 დღიანი ვნებათაღელვა ხელისუფლების ტაქტიკური უკანდახევით დასრულდა. ოლიგარქის გუნდს საზოგადოების უპრეცედენტო პროტესტის ფონზე დათმობა მოუწია. თუმცა, როგორც ჩანს დროებით, რადგან ოცნება რუსულ კანონზე საზოგადოების ინფორმირებისთვის სახალხო კამპანიის დაწყებას აანონსებს.