ევროპარლამენტი მომავალ კვირას საქართველოს შესახებ დებატებს გამართავს.
ანდრიუს კუბილიუსის თქმით, "ოცნების" რუსული კანონი ქართული საზოგადოებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია იყო.
როგორც მან "მთავარ არხთან" საუბრისას განაცხადა, ეს იყო სიგნალი და პროვოკაცია ევროკავშირისა და მთელი ქართული პოლიტიკური კლასის წინააღმდეგ. მისივე თქმით, ახლა მთავარი მიზანი, იმის გარკვევაა თუ რას აპირებს მმართველი პარტია, როდესაც ევროკავშირი გაფართოების ანგარიშს მოამზადებს.
"ეს კანონი იყო "ქართული ოცნების" პროვოკაცია ქართული საზოგადოებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ. ეს კანონი უფრო მეტად გააღრმავებდა პოლარიზაციას ქართულ საზოგადოებაში და შესაბამისად ევროკავშირის მოთხოვნილებების წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იყო სიგნალი და პროვოკაცია ევროკავშირისა და მთელი ქართული პოლიტიკური კლასის წინააღმდეგ.
არ ვიცი, რამდენად იყო ეს ყველაფერი ნაკარნახევი კრემლისგან, მე ამის დამადასტურებელი საბუთები არ მაქვს, მაგრამ თუკი ვიმსჯელებთ ზახაროვასა და კრემლის რეაქციებით ფაქტია, რომ მათ მოსწონდათ, როდესაც "ქართული ოცნება" აკრიტიკებდა დასავლეთს. ახლა მთავარია გავარკვიოთ, რა არის "ოცნების" მთავარი მიზანი შემოდგომაზე, როდესაც ევროკავშირი გაფართოების ანგარიშს მოამზადებს. რაც შეეხება სანქციებს, არ არის გამორიცხული, რომ ასეთი ტიპის ნომრები დაწესდეს ჩრდილოვანი მმართველისა და საქართველოს ხელისუფლების მოქმედი წევრების წინააღმდეგ. ჩვენ სხვა ბერკეტი არ გაგვაჩნია დავიცვათ ქართველი ხალხის არჩევანი, რომ გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის წევრი. როგორც ვხედავთ, საქართველოს ხელისუფლება არ გამოხატავს ქართული საზოგადოების სტრატეგიულ ინტერესებს" - თქვა მან
შეგახსენებთ, რომ კრიტიკისა და პროტესტის შემდეგ დღეს, 10 მარტს, პირველი მოსმენით მხარდაჭერილი რუსული კანონპროექტი მეორე მოსმენაზე პარლამენტმა ჩააგდო.