
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას სანქციების დაწესების შესახებ - ახალი სანქციები შეეხება 120 ფიზიკურ და 287 იურიდიულ პირს.
ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტის 2023 წლის 10 მარტის No145/2023 ბრძანებულებაშია მოცემული.
"NSDC-მ გაითვალისწინა უკრაინის მინისტრთა კაბინეტისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წინადადებები და დააწესა ეკონომიკური სანქციები 120 პირზე, რომელთა უმეტესობა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, ასევე კვიპროსის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთის, თურქეთისა და ნიდერლანდების.
შემაკავებელი ზომები, ასევე, დაწესდა 287 იურიდიულ პირზე, მათ შორის რუსულ ფსონების კომპანიებზე, ლატარიის ორგანიზატორებზე, იპოდრომებზე, საინვესტიციო და გასართობ კომპანიებზე და სხვა" ,- ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა სანქციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ევროკავშირს, აშშ-სა და სხვა ქვეყნების შესაბამის ორგანოებს.