
"საქართველოს მმართველი პარტია მოსკოვისკენ იხრება, მისი ხალხი არა" - ამ სახელწოდებით CNN ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს.
ავტორი სტატიაში 7-9 მარტს განვითარებულ მოვლენებზე: რუსულ კანონის პირველი მოსმენით დამტკიცებაზე, საპროტესტო აქციებსა და დემონსტრაციის დარბევებზე წერს და აღნიშნავს, რომ მოქალაქეების პროტესტი წარმატებული იყო, რადგან მმართველმა პარტიამ "აგენტების შესახებ" კანონი უკან გაიწვია.
სტატიის ავტორი ფიქრობს, რომ ბოლო რამდენიმე წელია საქართველოს მთავრობა განზრახ დგამს ანტიდასავლურ ნაბიჯებს, რაც მისი თქმით, მოსკოვის ინტერესებშია.
"ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა განზრახ ძირს უთხრის მის დემოკრატიას, რათა EU-სა და NATO-ს უარის თქმის გარდა, სხვა გზა არ დაუტოვოს. ეს სწორედ ისაა, რაც მოსკოვს მოსწონს", - ვკითხულობთ სტატიაში.
სტატიის ავტორი წერს, რომ საქართველოში მოქალაქეებისა და ხელისუფლების მისწრაფებები განსხვავდება - საქართველოს მმართველი პარტია მოსკოვისკენ იხრება, მისი ხალხი არა.
"ქართველი ხალხი ყოველ ჯერზე იბრძვის - იქნება ეს უკრაინის მხარდაჭერაზე მათი მთავრობის უარი, ღამის კლუბებში დარბევა ან ჟურნალისტებზე თავდასხმა LGBTQ დემონსტრაციების გაშუქებისას, ათასობით ქართველი გამოდის ქუჩაში.
პროტესტის გარემოებები ყოველთვის სხვადასხვაა, თუმცა მიზეზი ყოველთვის ერთია - საქართველოს მმართველი პარტია მოსკოვისკენ იხრება, მისი ხალხი არა. კაცები, ქალები და ბავშვები, რომლებიც პარლამენტის წინ იკრიბებიან არსებითად აგზავნიან მესიჯს: "ჩვენ ვართ ევროპა, თუ ჩვენი დემოკრატიის წართმევას აპირებ, ეს ჯერ ჩვენი გავლით უნდა გააკეთო", - წერს სტატიის ავტორი.
აღსანიშნავია, ისიც რომ სტატიის ავტორი ივანიშვილს არაფორმალურ ოლიგარქ მმართველად იხსენიებს:
"ქართველებს არ უნდა სცემდნენ ქუჩაში იმისთვის, რომ იცავენ დემოკრატიას, თუმცა ისინი ამისთვის მზად არიან. საქართველოს არაფორმალურმა მმართველმა, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა, არასწორად იფიქრა თავის ხალხზე, ისევე როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინელი ხალხი შესაბამისად ვერ შეაფასა", - ნათქვამია სტატიაში.
გარდა ამისა, სტატიის ავტორი წერს, რომ ივანიშვილმა ამერიკასა და რუსეთს შორის რუსეთის მხარე აირჩია.
"ივანიშვილი სტაბილურ პოზიციას კარგავს. ის სულ უფრო სასოწარკვეთილ გადაწყვეტილებებს იღებს, რაც მიუთითებს მზარდ მტრობაზე შეერთებული შტატების მიმართ. რაღაც აბსურდული გათვლებით, როგორც ჩანს, ივანიშვილს სჯერა, რომ პუტინი ერთადერთი ადამიანია, რომელსაც შეუძლია მმართველ პარტიას მომავალი წლის არჩევნებში ხელისუფლებაში დარჩენაში დაეხმაროს. მან მხარეები აირჩია", - წერს ავტორი.
სტატიის ავტორმა ასევე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზეც. მისი აზრით, მართალია, საქართველოს დემოკრატიისთვის სააკაშვილი თანდაყოლილი და არსებითი არაა, თუმცა ქართულ ციხეში მისი სიკვდილი იქნება დარტყმა, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს დემოკრატიულ მისწრაფებებს და მის ურთიერთობებს, განსაკუთრებით აშშ-თან,
"ეს იქნება ასევე საჩუქარი პუტინისთვის", - წერია სტატიაში.
სტატიის ავტორი ფიქრობს, რომ კანონპროექტის უკან წაღებით ივანიშვილი დასუსტებულია სამოქალაქო საზოგადოებამ კი მისთვის საჭირო გამარჯვება მოიპოვა. ავტორის აზრით, ქართველმა ხალხმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და მოითხოვოს მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, სანამ გვიანი არ არის.