გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11 პირის სასამართლო პროცესი დღეს, მცხეთის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვაზე იმსჯელებენ. პროცესზე გაირკვევა, დარჩება თუ არა 11 ბრალდებული პატიმრობაში.
ცნობილია, რომ ოთხი დაკავებულის - თენგო ბარბაქაძის, საბა ჩხარტიშვილის, არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ.
გაგნიძისა და მახარაძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფთა წინააღმდეგ არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს, რაც მათ ბრალს დაადასტურებდა. შესაბამისად, მისი თქმით, აღკვეთის ღონისძიება აუცილებლად უნდა შეიცვალოს გირაოთი.
19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი კი 31 ივლისს გაიმართება.
19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.