რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულები, რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება კვლავ გრძელდება, "მთავარ არხთან" იხსენებენ როგორ ვითარდებოდა პროცესები მათი დაკავების დროს.
ნადიმ ხმალაძე, რომელიც უკრაინის ომში იბრძოდა და საქართველოში ანტირუსულ აქციაზე დააკავეს, ამბობს, რომ 8 მარტის ღამეს პოლიციელები მის პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობდნენ, რათა დაპატიმრების საფუძველი ჰქონოდათ.
"8-ში დაახლოებით პირველი საათი იქნებოდა, ტაქსიში ჩაჯდომის დროს დამხვდა რამდენიმე პოლიციელი ოთხი თუ ხუთი, წრე შემომარტყეს და მითხრეს, რომ საბუთები წარგვიდგინეო. ტელეფონზე მტაცა ერთმა ხელი, არ მივეცი. პროვოკაციაზე წამოგება უნდოდათ ჩემი, რაღაც ალბათ უნდოდათ, რომ გამოეტყუებინათ, რომ მერე ჩემი დაპატიმრების საფუძველი ჰქონოდათ. ჩამტენეს მანქანაში. ჯერ წამიყვანეს სოლოლაკის მიმართულებით, არ ვიცი სად აღარ მატარეს. მითითებებს ელოდებოდნენ. იქ მივდივართ კომუნისტური მილიცია და გაიშნიკები რომ იყვნენ."- ამბობს ნადიმ ხმალაძე.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები შსს-ს, პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავენ და მოითხოვენ, რომ შეწყდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ყველა იმ პირის მიმართ, რომელიც 7-9 მარტს გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციამ დააკავა.
ცნობისთვის, ხალხის მასშტაბური პროტესტის ფონზე, ძალოვანმა უწყებამ მიიღო გადაწყვეტილება და დროებითი მოთავსების იზოლატორიდან დაკავებულები გაათავისუფლა, თუმცა ეს არ ნიშნავს,რომ მათი სასამართლო პროცესები არ გაიმართება.