"ქართული ოცნების" ხელით გასულ კვირას კიდევ ერთხელ სცადეს საქართველოს გასაბჭოება და გარუსება. და კიდევ ერთხელ ამის შემსრულებლები იყვნენ ადამიანები ქართული გვარებით, და რუსული საქმით... სიმბოლურია, რომ საბჭოთა ოკუპაციის ასი წლისთავზე მმართველი პოლიტიკური ძალა აპირებდა ქვეყანაში დაებრუნებინა სტალინური დანოსებით დევნა, აპირებდა კიდევ უფრო გაეხლიჩა საზოგადოება და მოეხდინა მათთვის არასასურველი ადამიანებისთვის სტიგმატიზება.
რუსული იყო კანონიც, რუსული არის საქმეც - რასაც ის ემსახურებოდა, და რუსული არის ტაქტიკაც, რისი საშუალებითაც "ოცნება შეეცადა საზოგადოებისთვის მომავალი წაერთმია. სხვათაშორის, როგორც ვნახეთ, მცდელობებს არც ახლა აკლებს და იმუქრება კიდეც, საკმარისად ვერ იმუშავა სახელისუფლებო პროპაგანდამ და ცოტა გვადროვეთო. გარდა იმისა, რომ "ქართულმა ოცნებამ" სრულად მოახდინა საკუთარი რუსული ზრახვების დეკლარირება, ის კონსტიტუციის ჩარჩოსაც გასცდა და ხალხის ნების წინააღმდეგ, კონსტიტუციური გადატრიალება სცადა. ეს კი სამართლებრივად ღალატის ტოლფასია და ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხსაც დღის წესრიგში აყენებს - სრულიად ლეგიტიმურად.