სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი 7-8 მარტს რუსთაველზე გამართულ საპროტესტო აქციებსა და სამართალდამცველების მხრიდან მათ დაშლას გამოეხმაურა.
ლევან იოსელიანის თქმით, 7 მარტს აქციას მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა და არ არსებობდა მისი დაშლის საფუძველი. რაც შეეხება 8 მარტს გამართულ აქციას, იოსელიანმა აღნიშნა, რომ პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამართალდამცველების რეაგირებას აქციის მონაწილეების "ძალადობრივი მოქმედებები დაედო საფუძვლად", თუმცა სპეცრაზმის მხრიდან ძალის გამოყენება არალეგიტიმურად გაგრძელდა.
"საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, ამასთან მინდა აღვნიშნო, რომ ცალკეულ პირთა, პირთა მცირე ჯგუფის სიტყვიერი თუ ფიზიკური აგრესიისა თუ ძალადობის აქტები, არ აბათილებს იმ ადამიანთა შეკრების თავისუფლებას, რომლებიც მშვიდობიან ქცევას განაგრძობდნენ.
სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 2023 წლის 7 მარტის საღამოს საათებში გაფრთხილების თაობაზე განცხადების გაჟღერების დროისთვის აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მისი შეწყვეტის და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი.
რაც შეეხება აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობის შემთხვევას, მათ მიმართ უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სამართალდამცველებმა შეკრების მონაწილეების, მათ შორის მშვიდობიან მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს, რაც ეწინააღმდეგება, უფლებაში აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს.
პარლამენტის შესასვლელთან შეკრების მონაწილეთა ნაწილის მიერ დაწყებული ძალადობრივი მოქმედებები დაედო საფუძვლად სამართალდამცველების მხრიდან მთელი შეკრების ძალის გამოყენებით გაუმართლებელ შეწყვეტას 8 მარტსაც. მას შემდეგ, რაც შეკრების მონაწილეთა ნაწილმა დაიწყო საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელის მხარეს შენობის დაზიანება, მინების ჩამტვრევა, პოლიციის მხრიდან დაიწყო შესაბამისი რეაგირების განხორციელება. თუმცა აღნიშნული ძალის გამოყენება სრულიად არალეგიტიმურად გაგრძელდა საქართველოს პარლამენტის წინ მდგომი მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ", - თქვა ლევან იოსელიანმა.
იოსელიანმა ასევე ისაუბრა მედიის წარმომადგენლების დაშავებასა და აქციის მონაწილეების დაკავებულებზე. სახალხო დამცველის თქმით, რამდენიმე დაკავებულს დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც ომბუდსმენის აპარატმა საგამოძიებო სამსახურს მიმართა.
იოსელიანმა საგამოძიებო უწყებებს, ძალის არაპროპორციული გამოყენებისა და ჟურნალისტების დაშავების ფაქტზე ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდა.