
ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნება" შესაძლოა 6-მა დეპუტატმა დატოვოს - მათ შორის არიან დავით სერგეენკო, დავით სონღულაშვილი, გიორგი ხელაშვილი, ვლადიმერ ჩაჩიბაია, ნინო იობაშვილი. "მთავარი არხის" ზარებს არცერთი მათგანი არ პასუხობს.
დღეს მედიასთან არ გამოჩენილა პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. ჩვენი ინფორმაციით, მასთან კონსულტაციები უკვე გაიმართა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კობახიძემ დეპუტატებს ულტიმატუმი წაუყენა და უთხრა, რომ იმ შემთხვევაში თუ პარტიიდან წავლენ, უარი თქვან მანდატებზეც.
წინააღმდეგობა, სავარაუდოდ, ბოლო პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის რუსულ კანონს უკავშირდება.
"ოცნებიდან" გავრცელებული ინფორმაცია ჯერ არავის დაუდასტურებია.
"მე არ მაქვს ინფორმაცია, მე არც მომისმენია, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა უშუალოდ მათ კითხოთ, დაურეკოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, უმრავლესობას საფრთხე არ ემუქრება, როგორც არასდროს ისე ვართ აქცენტირებულები, გაძლიერებულები რომ ჩვენ 12 პუნქტიანი გეგმა ბოლომდე მივიყვანოთ და კანდიდატის სტატუსი მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ", - თქვა დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ.
დეპუტატმა, რიმა ბერაძემ თქვა, რომ "ჯერჯერობით გუნდში ასეთი საკითხები არ იხილება".