რუსეთის მიერ ოკუპირებულმა აფხაზეთმა, გალის რეგიონში, ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად სამხედრო წვრთნები ჩაატარა, - ამის შესახებ ინფორმაციას РИА Новости ავრცელებს.
როგორც რუსული მედიასაშუალება წერს, წვრთნები 12 მარტს დაიწყო და მას რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ბრძანებით, ე.წ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და აფხაზეთის ე.წ შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს.
"წვრთნები მაქსიმალურად მიახლოებულია კონტრტერორიზმისა და დივერსიული ჯგუფების წინააღმდეგ რეალურ ბრძოლას. ამგვარი წვრთნები კვარტალში ერთხელ რეგულარულად ტარდება. აქ განთავსებული სპეცრაზმი გაწვრთნილი და სრულად აღჭურვილია ვარჯიშების ჩასატარებლად", - ამბობს ოკუპირებული რეგიონის უსაფრთხოების ე.წ ხელმძღვანელი, დიმიტრი დბარი.
მისივე თქმით, აფხაზეთში ამგვარი წვრთნების ჩატარებას უფრო ხშირად გეგმავენ, რათა "მოსახლეობის ტერორიზმისგან დაცვის უკეთესი მექანიზმი შეიმუშაონ".