
ევროკავშირმა რუსეთს სანქციები კიდევ 6 თვით გაუხანგრძლივა. ამის შესახებ ევროსაბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია ნათქვამი.
"ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, გაახანგრძლივოს შემაკავებელი ზომები, რომლებიც მიმართულია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვაზე ან მუქარაზე, მომდევნო ექვსი თვით, 2023 წლის 15 სექტემბრამდე", - წერია განცხადებაში
მათივე ინფორმაციით, სანქციები გაგრძელდება 1 473 პირისა და 205 დაწესებულების მიმართ, რომელთაგან ბევრი ევროკავშირის შეზღუდვის ქვეშ მოექცა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაუმართლებელი და არაპროვოცირებული სამხედრო აგრესიის საპასუხოდ.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის საპასუხოდ, ევროკავშირმა მნიშვნელოვნად გააფართოვა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მისი ეკონომიკური ბაზის შესუსტების, კრიტიკულ ტექნოლოგიებსა და ბაზრებზე წვდომის აკრძალვისა და გაგრძელების შესაძლებლობის შელახვის მიზნით.