კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალში" "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა 7 მარტის დარბევისას დაშავებული ზაზა ბირიაშვილი მოინახულეს. ანი წითლიძის და ლევან მეტრეველის თქმით, პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე საყურადღებო რჩება, მხედველობა კი მას ცალ თვალში სრულად აქვს დაკარგული. ბირიაშვილს სხვა დაზიანებებიც აქვს მიღებული სახის არეში.
წითლიძე ამბობს, რომ მას დღემდე დაზარალებულის სტატუსი არ აქვს მინიჭებული.
"მაშინ როდესაც საქართველოს ხელისუფლება, პრემიერმინისტრი და "ქართული ოცნების წარმომადგენლები მადლობას უხდიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, სპეცრაზმსა და პოლიციას, თითქოს მშვიდობიანად დაარბიეს ეს აქცია, ადამიანმა დაკარგა მხედველობა და ჯერ, ამ დრომდე, დაზარალებულის სტატუსიც არ აქვს მიღებული. მე მოვუწოდებ საქართველოს პროკურატურას, სასწრაფო წესით მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი და აწარმოონ ეფექტური გამოძიება რამდენად პროპორციული იყო ძალის გამოყენება შსს-ს მხრიდან 7-8 მარტის აქციაზე", - თქვა წითლიძემ.
ლევან მეტრეველი ამბობს, რომ მარჯვენა თვალში მხედველობის ფუნქციის აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. მისი თქმით, ენმ იზრუნებს, რომ პაციენტს მკურნალობის მიღების პროცესში ფინანსური პრობლემები არ შეექმნას.