თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ნარკოლოგიური დისპანსერის მიმდებარე ტერიტორიაზე ამავე კლინიკის ოთხი პაციენტი დააკავეს. ადგილზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პაციენტების თქმით, მათ კლინიკა უმიზეზოდ დაატოვებინეს. დაცვის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ისინი წინა ღამით არ მუშაობდნენ და დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.
გვაქვს სურვილი დაბრუნების, თუმცა კლინიკა გვეუბნება უარს, ვინ სად დაგვაბრუნებს, აღარ გვაქვს შანსი, უსაფრთხოების უფროსი ვინც იყო, იმან გამოგვყარა, - ამბობს ერთ-ერთი პაციენტი.
ადვოკატის ინფორმაციით, სამივე პაციენტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წესით დააკავეს და მათ ბრალად წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა და შეურაცხყოფა ედებათ.
დაახლოებით ორსაათნახევრის განმავლობაში დამაყოვნეს ისე, რომ დაცვის განხორციელების საშუალება არ მომცეს, შემდეგ ვიგებთ, რომ რამდენიმე ადამიანს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ყრიან კლინიკიდან, საპატრულო პოლიცია გზაში აკავებს და მიჰყავს დროებითი დაკავების იზოლატორში, - თქვა ადვოკატმა.
ადვოკატის ინფორმაციით, პაციენტები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ისინი ბრალს არ აღიარებენ, მათი სასამართლო პროცესი ცოტა ხანში დაიწყება.