არჩევნებამდე სამი თვით ადრე პოლიტიკურმა პარტიებმა პროპორციული სიების შედგენა დაიწყეს. მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ ახლა მმართველ პარტიასა და ოპოზიციაშიც სიაში შესაყვანი კანდიდატების შერჩევა მიმდინარეობს.
"ოცნებაში" არ იციან, იქნება თუ არა მათი პარტიული სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სიის ათეულში იქნებიან ახალი სახეებიც და ძველი, გამოცდილი კადრებიც.
სიის პირველი ათეულის მთავარი კონტურები გამოკვეთილია უკვე მთავარ ოპოზიციურ პარტიებშიც.
"ნაციონალური მოძრაობა" ჯერ არ აპირებს სიის დასახელებას და ამას სექტემბრის დასაწყისში გააკეთებს.
ჩვენი მთავარი ამოცანა ამ არჩევნებში არის ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, ამიტომ ყველა ჩვენი გადაწყვეტილება მოტივირებულია ერთადერთი ამოცანით, ეს არის სწორედ ელექტრორალური წარმატების მიღება. ჩვენთვის არ არის მთავარი არც ის, ვინ რომელ ადგილზე იქნება სიაში, მათ შორის გაერთიანებაში სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან არ არის ამოცანა თანამდებობების გადანაწილება, ჩვენი მთავარი ამოცანა საერთო სტრატეგიით, აქტიური კამპანიით, რაც შეიძლება დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
"ევროპულ საქართველოში" ამბობენ, რომ სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე იქნება, სიის დანარჩენ წევრებზე კი ინფორმაციას არც ისინი ასაჯაროვებენ.
რაც შეეხება სიის დანარჩენ ნაწილს და დეპუტატებს, რომლებსაც მიღებული ხმების შესაბამისად, პარლამენტში შეიყვანს "ევროპული საქართველო, იცით რომ "ევროპულ საქართველოს" შიდა დემოკრატიული, გამჭვირვალე კონკურენციის პირობები გვაქვს და ის პოლიტიკოსები, რომელებიც ყველაზე მეტ ხმას მოიტანენ პარტიისთვის, სწორედ ისინი გახდებიან დეპუტატები, - ამბობს ირაკლი აბესაძე.
"ქართული ოცნების" ლიდერს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, იქნება თუ არ იგი სიაში პირველი ნომერი. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიციას ივანიშვილის ეშინია და იქნება თუ არა ის სიაში, ივანიშვილი მაინც არის პირველი.
მე მესმის, რომ ნაციონალურ მოძრაობას და ოპოზიციის ნაწილს ძალიან ეშინია ივანიშვილის, და ძალიან სწორადაც ეშინიათ, მაგრამ მე მინდა ისინი "დავამშვიდო" და ვუთხრა, რომ ივანიშვილი სიაში იქნება თუ არა, ის მაინც არის პირველი ნომერი და ეს არაფერს ცვლის, - თქვე ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ.
"ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი დავით საგანელიძე არ ადასტურებს, იქნება თუ არა იგი წლევანდელ საპარლამენტო სიაში.
შეგახსენებთ, რომ პარტიებმა არჩევნბამდე ორი თვით ადრე, ყველაზე გვიან სექტემბრის დასაწყისში პარტიული სიები ცესკო-ს უნდა წარუდგინონ.