
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიისგან არ არის წინააღმდეგობა, საქართველომ დეოლიგარქიზაციის შესახებ წარდგენილი კანონი მიიღოს, თუმცა აქვს რეკომენდაციები, რასაც განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.
მისივე თქმით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას რაიმე სერიოზული შენიშვნა არ აქვს და ამ შემთხვევაშიც წარმოდგენილია რეკომენდაციები.
"ვენეციის კომისიას ჰქონდა სხდომა 10-11 მარტს, რომელზეც განხილული იქნა დასკვნები დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით და ასევე, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებთან დაკავშირებით. ეს დასკვნები დღეს, სავარაუდოდ, აიტვირთება ვენეციის კომისიის ვებ-გვერდზე. ჩვენ ეს დასკვნები უკვე მოგვეწოდა წინასწარ. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს, როგორც გახსოვთ, აქ საუბარი იყო ორ საკითხზე, პოლიტიკურ დისკუსიაში, ერთი, რამდენად იყო ეს მართლაც უკრაინული კანონის თარგმანი და მეორე, ჰქონდა თუ არა საქართველოს კონტექსტით გათვალისწინებული უფლება, რომ მიეღო იგივე კანონი, რომელიც არის უკრაინაში. ეს, რა თქმა უნდა, ჰგავს იგივე დისკუსიას, რომელიც ჩვენ გვქონდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე. იქაც იგივე იყო, რამდენად იყო ეს ამერიკული და რამდენად ჰქონდა საქართველოს, ამერიკისგან განსხვავებით, უფლება, რომ ასეთი კანონი მიეღო. ორივე საკითხზე ვენეციის კომისიას აქვს ნამსჯელი და არის თუ არა ეს უკრაინული კანონი, მან თქვა რომ კი და ერთადერთი სხვაობა ამ ორ კანონს შორის არის ის, რომ უკრაინის შემთხვევაში რეესტრს აწარმოებს პრეზიდენტთან არსებული უსაფრთხოების საბჭო, ხოლო საქართველოს შემთხვევაში მთავრობა, რაც გასაგებია, ვინაიდან საქართველოში პრეზიდენტს აქვს სხვა ფუნქციები. და მეორე, შეიძლება თუ არა საქართველომ მიიღოს ასეთი სახის კანონი, ამაზეც აქვს ნამსჯელი და რაიმე წინააღმდეგობა ამასთან დაკავშირებით არ არის. აქვს რეკომენდაციები შემუშავებული, რომელზეც ჩვენც გვქონდა საუბარი, როდესაც ამ პროექტს განვიხილავდით, რომ ტერმინოლოგია იყო უფრო მეტად დასაზუსტებელი. მაგალითად, რას ნიშნავს პოლიტიკაში მონაწილეობა, მედიაზე გავლენა და ა.შ. ასევე, პროცედურული დაცვის მექანიზმები, გასაჩივრების უფლება და ა.შ. ასევე, რაც შეეხება შედეგებს, მისი პროპორციულობის უზრუნველყოფა. ამ რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა, განვიხილავთ და ამის შესაბამისად იქნება გადაწყვეტილება მიღებული.
რაც შეეხება საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებას, იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენ შევიმუშავეთ, რაიმე შენიშვნა ვენეციის კომისიას არ გააჩნია. ამასთან ერთად აქვს წინადადებები დამატებით საკითხებთან დაკავშირებით, ვინაიდან ვენეციის კომისიამ იმსჯელა არა მხოლოდ ამ პროექტზე, არამედ, ზოგადად, შეაფასა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში მისივე გამოცემული რეკომენდაციები და ამ ჭრილში განიხილა. აქვს დამატებითი რეკომენდაციები, რომლებზეც, ასევე, გვექნება მსჯელობა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ ორივე პროექტთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნა მომავალი კვირისთვის იქნება.