
სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა, ნათქვამია ასადის ოფისიდან სოციალურ ქსელ Instagram-ზე [Meta-ს შვილობილი კომპანია] გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, რუსული მედია ხაზს უსვამს ფაქტს, რომ სოციალური ქსელის Meta-ს მფლობელი რუსეთში ექსტრემისტად არის აღიარებული, მისი საქმიანობა აკრძალულია.
"პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი 14 მარტს საღამოს მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში ჩავიდა. ის მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან“, - ნათქვამია განცხადებაში.
კრემლის ცნობით, პუტინსა და ალ-ასადს შორის მოლაპარაკებები დღეს, 15 მარტს არის დაგეგმილი.
"ისინი განიხილავენ "რუსეთ-სირიის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების აქტუალურ საკითხებს" სხვადასხვა სფეროში - ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ სფეროში, პუტინი და ასადი ასევე შეეხებიან "სირიაში და მის გარშემო სიტუაციის ყოვლისმომცველი დარეგულირების პერსპექტივებს",- ნათქვამია განცხადებაში.