11-ვე ბრალდებული შაქარაშვილის საქმეზე სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

გამოქვეყნდა:

11-ვე ბრალდებული შაქარაშვილის საქმეზე სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. განაჩენი მოსამართლე მაია ოშხარელმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დასრულდა ისე, როგორც თავიდან ვთქვი, დატოვა ძალაში პატიმრობა სასამართლომ, არც ის ინება, რომ გასულიყო სათათბირო ოთახში, ადგილზევე მიიღო გადაწყვეტილება, არც ის განიხილა, რომ 11-დან შესაძლოა სხვადასხვა ყოფილიყო ბრალეულობა, - თქვა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა. 

არჩილ გაგნიძის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის 5 000 ლარიან გირაოს ითხოვდა. მისი თქმით, დაცვის მხარეს დღეს არ უსაუბრია იმ ბრალდებებზე, რაც გაგნიძეს აქვს წარდგენილი და მხოლოდ შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე საუბრობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალეულობა ჯერ არავის აქვს წარდგენილი. ბექა ნემსიწვერიძე ამბობს, რომ სასამართლომ მათზე გადმოიტანა მტკიცების ტვირთი, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს აღკვეთის ღონისძიება არ ეკუთვნოდა. 

ბექა ნემსიწვერიძე ეთანხმება ადვოკატ ვასილ მამულაშვილის შუამდგომლობას მოსამართლე მაია ოშხარელის აცილების თაობაზე. ამ შუამდგომლობის არგუმენტაცია ის იყო, რომ მათ მოსამართლის ობიექტურობასთან და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით ეჭვი გაუჩნდათ. 

დაკავებულთა უფლებადამცველები ამბობენ, რომ სასამართლომ დაცვის მხარის არც ერთი არგუმენტი არ გაითვალისწინა. ადვოკატ დავით ჭიკაიძის თქმით, სასამართლოს დღეს უნდა ემსჯელა 206-ე მუხლის სტანდარტით, რასაც საფუძვლად უნდა ედოს ბრალდების დასაბუთებული არგუმენტები, რატომ უნდა იქნას პირი დატოვებული პატიმრობაში. 

მოცემულ შემთხვევაში ჩვენ ვერ მოვისმინეთ დასაბუთებული არგუმენტები ბრალდების მხარისგან, ჩვენ მოვისმინეთ მხოლოდ მოთხოვნა, რომ უნდა ყოფილიყო საბას [ჩხარტიშვილი] მიმართ გამოყენებული პატიმრობა, მაგრამ რატომ, ჩვენ ვერ მოვისმინეთ, - თქვა ჭიკაიძემ. 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ირაკლი წაქაძე ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. ის აგარაკზე მომხდარი დაპირისპირებებიდან პირველი ეპიზოდის მონაწილეა. საბა გოგშელიძე და საბა ჩხარტიშვილი დუმილის უფლებას იყენებენ, ხოლო ნარეკვავზე მომხდარი ტრაგედიის კიდევ 8 მონაწილე დანაშაულს არ აღიარებს. საქმის პროკურორის შუამდგომლობის თანახმად, არც ერთ დაკავებულზე აღკვეთის ღონისძიება არ უნდა შეიცვალოს, რადგან არსებობს მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. პროკურატურის წარმომადგენლის თქმით, თუ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიება შეეცვლებოდათ, მათ, შესაძლოა მოწმეებთან ერთად სამომავლოდ ჩვენებები შეეჯერებინათ.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი კი 31 ივლისს გაიმართება.

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი