კანდიდატის სტატუსი, 12-პუნქტიანი რეკომენდაცია - EU-ს ამბასადორიალის წევრებისა და პოლიტიკოსების შეხვედრა დასრულდა

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრი ქვეყნების ელჩებისა და პოლიტიკური ლიდერების შეხვედრა უკვე დასრულდა. შეხვედრას ჯოზეფ ბორელისა და ვიოლა ფონ კრამონის წარმომადგენლები, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წევრები და "ქართული ოცნების" დეპუტატი, გივი მიქანაძე ესწრებოდნენ. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და 12-პუნქტიან რეკომენდაციას. როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, მან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საკითხებიც დააყენა.

"პირველ რიგში, რაც უნდა გაკეთდეს ეს არის 12 პუნქტის შესრულება. ჩვენ გავუარეთ ყველაფერი, მათ შორის ბოლო დასკვნები, რომელიც ჩამოვიდა. ასევე არის რამდენიმე კონკრეტული საკითხი, რომელზეც მე პირადად ვისაუბრე. პირველი ეს არის, რომ 12 პუნქტის შესრულება არ შეიძლება იყოს ტექნიკური ხასიათის, აქ არის პოლიტიკური ნება საჭირო, რომელიც ქართულ ოცნებას ჯერ არ გამოუმჟღავნებია, რომ ეს პუნქტები შესრულდეს. რაც მთავარია პოლარიზაციის კონტექსტში, რომელზეც საუბრობენ ჩვენი პარტნიორები მე შევახსენე, რომ ჯერ კიდევ არ უშვებენ პოლონელ ექიმებს მიხეილ სააკაშვილთან და მედია თავისუფლების ნაწილში, ნიკა გვარამია, რომელიც ტყუილად დაპატიმრებულია.

მესამე, შუალედური დასკვნა ალბათ იქნება, მაგრამ საბოლოო სამიტის გადაწყვეტილება იქნება ოქტომბერში. თუ არ შესრულდება ეს პუნქტები, თუ არ შეიცვლის საქართველოს ხელისუფლება ანტიდასავლურ ნარატივს, თუ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს რუსიფიკაციით გზავნილების გაჟღერებას, მაშინ კონსენსუსი, რომელიც უნდა შედგეს სხვა წევრ ქვეყნებს შორის, იმიტომ რომ მარტო ევროკომისია ვერ იღებს ამ გადაწყვეტილებს, ეს უნდა იყოს ფართო კონსენსუსი ყველა წევრი სახელმწიფოსი, ამიტომ თუ ეს ხელისუფლება აგზავნის იმ გზავნილს, რომ ჩვენ ანტიდასავლური პოლიტიკა გვინდა და ჩვენ გვინდა პოლიტიკა, როცა პესკოვი გვაქებს და ანტი-უკრაინულ პოლიტიკას გააგრძელებენ, ეს იქნება ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, ამ მიმართულებით ბევრი ვისაუბრეთ", - თქვა ხატია დეკანოიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი