
დევნილები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. მოქალაქეების პროტესტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრის, კონსტანტინე კუჭუხიძის შვილისთვის სამოთახიანი ბინის გადაცემამ გამოიწვია.
აქციის მონაწილეები დევნილთა მინისტრის ალექსანდრე კუჭუხიძისა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილის გადადგომას ითხოვენ.
"რაც შეეხება აფხაზეთის მთავრობას და უმაღლეს საბჭოს, ყველა პრობლემა რაც გვაქვს, მოდის აფხაზეთის მთავრობის "მარადმწვანე დეპუტატებისგან", ვინაიდან ის არის უზურპირებული და მთლიანად არის ჩართული ნეპოტიზმსა და კორუფციაში. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ, მოხდეს სრული დემონტაჟი ამ ჩამყაყებული სტრუქტურის, ვაძლევთ მათ შანსს, დაწერონ განცხადება და გადადგნენ", - ამბობს აქციის მონაწილე ირაკლი ტორუა.
შეკრებილები სამინისტროში არსებულ ნეპოტიზმზე საუბრობენ და მოქალაქეებისთვის უკვე გადაცემული საცხოვრებელი ფართების საქმეების გამოძიებას ითხოვენ. იძულებით გადაადგილებული პირები მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში პერმანენტულ აქციებსა და შიმშილობას აანონსებენ.
აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ უამრავ მათგანს ჰქონდა იმდენივე ქულა, რამდენიც ალექსანდრე კუჭუხიძის შვილს, თუმცა მათ ბინები ვერ მიიღეს.
"ფაქტი გვაქვს სახეზე, რომ მინისტრის შვილი ღებულობს ბინას, მაშინ როდესაც იგივე კრიტერიუმის მქონე დევნილები ბინას ვერ იღებენ. ხალხი დაიღალა ამდენი ტყუილით, თვალებში ნაცრის შეყრით და სულში ჩაფურთხებით", - ამბობს ტორუა.
შეგახსენებთ, რომ არსებული კანონმდებლობით დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების დაკმაყოფილების წესში აღნიშნულია, რომ თუ დევნილთა ოჯახის რომელიმე წევრი ფლობს საცხოვრებელ ფართს, მისი განაცხადი ფართის მოთხოვნაზე ბოლო რიგში განიხილება. მინისტრ ალექსანდრე კუჭუხიძის დეკლარაციაში კი, რომელიც 2020 წლის 9 ივნისს გამოქვეყნდა, მის სახელზე არაერთი უძრავი ქონებაა დაფიქსირებული.