
თურქეთში ახალი წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, პრეზიდენტობის ოპოზიციური კანდიდატი, ქემას ქილიჩდაროღლუ ამჟამინდელ პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს უსწრებს და 10%-იანი უპირატესობით ლიდერობს.
ოპოზიციური ბლოკი ეროვნული ალიანსი 6 პარტიისგან შედგება, მათი კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუა.
8 მარტს ჩატარებული Aksoy Research-ის კვლევის თანახმად, ოპოზიციურ კანდიდატს 55,6%-იანი მხარდაჭერა აქვს, ერდოღანს კი 44,4%.
ამავე გამოკითხვით, ოპოზიციური კოალიცია საპარლამენტო არჩევნებშიც ამარცხებს მმართველ პარტიას და მის მოკავშირეებს.
კვლევის თანახმად, ოპოზიციურ ალიანსში შემავალ პარტიებს ჯამურად, ამომრჩეველთა 44.1% ემხრობა, თურქეთის მმართველ პარტიას "სამართლიანობისა და განვითარების პარტიასა" და მის მოკავშირეს "ნაციონალისტური მოძრაობის პარტიას" კი 38.3%. ოპოზიციურ პრო-ქურთულ "ხალხთა დემოკრატიულ პარტიას ამომრჩეველთა 10.3% უჭერს მხარს.
ოპოზიციური კანდიდატი ლიდერობს კიდევ ერთი, Alf Research-ის კვლევაში. 6-7 მარტს ჩატარებული კვლევის თანახმად, ქილიჩდაროღლუს 55.1% უჭერს მხარს, მოქმედ პრეზიდენტ ერდოღანს კი - 44.9%.
ამავე კვლევით, ოპოზიციურ ბლოკს, ჯამურად, ამომრჩეველთა 43.5% უჭერს მხარს, "ხალხთა დემოკრატიულ პარტიას" 11.3%, ერდოღანის პარტიისა და მისი მოკავშირის ჯამური მხარდაჭერა კი 37.5%-ია.
თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს ჩატარდება.