
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა მმართველი პარტიის მიმართ "გლობალური ომის პარტიის გავლენიდან" გამომდინარეობს, თუმცა კობახიძის სიტყვებით, ზურაბიშვილს თავისი პრინციპები აქვს და "უკადრებელს არ იკადრებს".
ამის შესახებ კობახიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა. კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის შერჩევა პრეზიდენტის პოსტზე რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის, მისი თქმით, ერთ-ერთი ის იყო, რომ ზურაბიშვილი დამოუკიდებელი იყო "ნაციონალური მოძრაობისა და მისი პატრონებისგან".
"პატარა ისტორიას მოვყვები, რატომ შეირჩა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე, მაშინ ბატონი ბიძინა ივანიშვილიც იყო ჩართული კანდიდატის შერჩევაზე. ძირითადი კრიტერიუმი იყო რა - ერთი, რომ იყო ქალბატონი და ეს სიმბოლიზმი ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაზეც ასევე ბატონი ბიძინა ივანიშვილი ამახვილებდა ყურადღებას, იყო მისი განსაკუთრებული კავშირი ჩვენს უახლეს ისტორიასთან, საუბარია მის ოჯახზე პირადად მასზე და მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ის, რომ ეს ადამიანი არ იყო დაკავშირებული ნაცმოძრაობასთან და არც მის პატრონებთან.
ეს საიდან გაირკვა, თქვენ გახსოვთ მაშინდელი ფაშისტური კამპანია სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, მისი გამოცხადება მოღალატედ, ბილწსიტყვაობა, რომელიც გვესმოდა გვარამიას და სხვა ნაცმოძრაობის ლიდერების მხრიდან, მაშინ ამ ფაშისტურ კამპანიაში ჩართული იყვნენ პირდაპირ ნაცმოძრაობის უცხოელი მფარველებიც. ჩამოდიოდნენ უცხოელები და ხელს აფარდებდნენ იმ ფაშისტურ კამპანიას, რომელიც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ წარმოებდა.
აქედან გამომდინარე გაირკვა, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო დამოუკიდებელი, რასაც ვეძახით გლობალური ომის პარტიისგან, მას არ ჰქონდა კავშირი არც ნაცმოძრაობასთან და არც მის პატრონებთან. თუმცა გავიდა გარკვეული დრო, მისი მხრიდან კეთდება გარკვეული განცხადებები, რაც ჩვენთვის გაუგებარია, იმ გლობალურ ომის პარტიას თავისი, საკმაოდ დიდი რესურსი აქვს და ამის გავლენაა ის განცხადებები და პოზიციები, რომლებსაც ქალბატონი სალომე აფიქსირებს, თუმცა ამასთან ერთად ჩანს ხოლმე, რომ ამ ადამიანს თავისი პრინციპები მაინც აქვს და უკადრებელს მაინც არ იკადრებს", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რუსული კანონის ინიცირების გამო, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მმართველი პარტია არაერთხელ გააკრიტიკა და თქვა, რომ მისი მიღების შემთხვევაში, ის კანონს ვეტოს დაადებდა. უმრავლესობამ კანონპროექტი გასულ კვირას საზოგადოების პროტესტის შემდეგ ჩააგდო.