უნდა შეიქმნას საბჭო, რომელიც ოპოზიციას მისცემს საშუალებას გაჟღერდეს მესიჯი, როგორ მოხდეს ხელისუფლების გადაბარება - მარგველაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ უნდა შეიქმნას საბჭო, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს მისცემს საშუალებას ერთიანი მესიჯით გამოვიდნენ, თუ როგორ მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. ამ თემაზე მან "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" ისაუბრა. 

მისი თქმით, ლეგიტიმაციის არ მქონე ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და რაც უფრო სწრაფად მოხდება ეს, მით უკეთესია ქვეყნისთვის. მარგველაშვილის აზრით, იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარება შესაძლებელი გახდეს, უნდა ჩამოყალიბდეს ხელისუფლების გადაბარების გეგმა.

 

"იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები გახდეს შესაძლებელი, უნდა ჩამოყალიბდეს ხელისუფლების გადაბარების გეგმა. ხელისუფლების შეცვლის ალტერნატივა. ნათლად უნდა დაინახოს როგორც ქართველმა ამომრჩეველმა, ისე პარტნიორებმა, რომ თუ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები და რაც უფრო სწრაფად დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, მზად არის უკვე ხელისუფლების ცვლილების გეგმა. [...] 

ჩემი აზრით, მარტივად უნდა ჩამოყალიბდეს საკოორდინაციო საბჭო, რომელიც სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს შესაძლებლობას მისცემს, ერთიანი მესიჯით გამოვიდნენ საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ, იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. ასეთი საბჭო ერთიან საარჩევნო სიას არ ნიშნავს. რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს გამსხვილება, მიმაჩნია, რომ გამსხვილების ცენტრი უნდა გაჩნდეს დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ მყოფ პარტიებში, ასევე იყოს ე.წ. მესამე ცენტრი, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა, ხმა მისცეს არა შავი-თეთრის რეჟიმში, არამედ ხმა მისცეს ალტერნატივასაც. მე იდეალურ შემთხვევაში ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან აფილირებულ პარტიებს და მესამე ცენტრს. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ენმ-მ და მესამე ცენტრმა ერთმანეთთან კოორდინაცია უნდა გაწყვიტონ", - თქვა მარგველაშვილმა. 

მარგველაშვილის თქმით, მთლიანმა ოპოზიციამ, ვისთვისაც დასავლეთი მნიშვნელოვანია, კოორდინირებულად უნდა იმუშაოს, იმისთვის, რომ "ქართული ოცნება" მშვიდობიანად წავიდეს ხელისუფლებიდან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი