"ნიკა გვარამიას თავისუფლება სჭირდება ქვეყანას" - ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას პროფესორები და მეცნიერები შეუერთდნენ

გამოქვეყნდა:

"ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას" პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერები შეუერთდნენ. დღეს მათ განცხადება თსუ-ის პირველ კორპუსთან გააკეთეს.

"ნიკა გვარამია, რომ უსამართლოდაა დაპატიმრებული, ეს მთელმა საქართველომ იცის, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეს იცის უკვე ევროპამ, ეს იცის იმ ხალხმა, ვინც ცდილობს საქართველო დააბრუნოს ევროპულ ოჯახში და ეს ქვეყნისათვის დამაბრკოლებელი პატიმრობა უნდა შეწყდეს. ნიკა გვარამიას თავისუფლება დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება. თვითონ ნიკას შეიძლება იმდენად არ სჭირდება იმიტომ, რომ ის გაუძლებს ყოველივე ამას, მაგრამ ის აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, რადგან ეს სჭირდება საქართველოს, მის მომავალს. მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული მექანიზმი და გადაწყვიტოს ეს სახელმწიფოებრივად. აუცილებლად უნდა შეწყდეს ნიკა გვარამიას პატიმრობა" განაცხადა პროფესორმა ზურაბ პაპასკირმა.

იურისტი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ქეთევან ერემაძე, რომელიც ასევე უერთდება ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას, ამბობს, რომ შეწყალებისთვის საკმარისზე მეტი სამართლებრივი საფუძვლები არსებობს და არგუმენტი, რომ მის საქმეზე არ არსებობს სამივე ინსტანციის გადაწყვეტილება, არ გამოდგება. მისი თქმით, არსებობს შესაბამისი პრაქტიკაც, როდესაც მეოთხე პრეზიდენტს პატიმრები შეწყალებული ჰყავს პირველი და მეორე ინსტანციების გადაწყვეტილებების შემდეგ. 

"ის არამარტო პოლიტიკური, არამედ სინდისის პატიმარია, რადგან სასჯელს იხდის იმ რწმენისათვის, რომელიც მას გააჩნია" ამბობს პროფესორი ზურაბ დავითაშვილი. მისი თქმით, გვარამიას თავისუფლება პირდაპირაა დაკავშირებული საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებასთან - "იმ ქვეყნისთვის, რომელსაც უდანაშაულო პატიმრები ჰყავს, ევროკავშირის გზა დაკეტილი აქვს" - ამბობს დავითაშვილი და საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, გაითვალისწინოს ეს მიდგომა და საზოგადოების წარმომადგენლების მოთხოვნა. 

ნიკა გვარამიას თავისუფლების მოთხოვნას უკვე შეუერთდნენ ექიმები, ადვოკატები, მწერლები, სკოლის პედაგოგები
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი