
საფრანგეთში საპენსიო კანონის კენჭისყრის გარეშე მიღებას პროტესტი მოჰყვა - პარიზის პოლიციამ საინფორმაციო სააგენტო AFP-ს განუცხადა, რომ ღამით 120 ადამიანი დააკავეს.
BBC-ის ცნობით, პარიზში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მას შემდეგ მოხდა, რაც საფრანგეთის მთავრობამ პარლამენტში კენჭისყრის გარეშე საპენსიო რეფორმების ძალით გატარება გადაწყვიტა.
ახალი, სადავო კანონის მიხედვით, მინიმალური საპენსიო ასაკი საფრანგეთში 62-დან 64 წლამდე გაიზრდება.
პრემიერ მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა გამოიყენა კონსტიტუციის 49:3 მუხლი - მთავრობას უფლებას აძლევს თავიდან აიცილოს კენჭისყრა ასამბლეაში. გადაწყვეტილება სადავო კანონპროექტის კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე მიიღეს, რადგან ხმების უმრავლესობის მოპოვების გარანტია არ არსებობდა. ამ ნაბიჯმა ოპოზიციური პოლიტიკოსების აღშფოთება გამოიწვია.
ათასობით ადამიანი გამოვიდა პარიზისა და საფრანგეთის სხვა ქალაქების ქუჩებში, რათა გაეპროტესტებინათ მთავრობის ეს ნაბიჯი, ისინი მღეროდნენ ეროვნულ ჰიმნს და პროფკავშირების დროშებს აფრიალებდნენ. საღამოს შეტაკებები დაიწყო პოლიციასა და მომიტინგეებს შორის. პროტესტის მონაწილეებ,ა კონკორდის მოედანზე ცეცხლი დაანთეს. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.