შსს-ს წარმომადგენლებს, არ აქვთ გავლილი სწავლება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში - 16 წლის აქტივისტის სასამართლო გადაიდო

გამოქვეყნდა:

"რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 16 წლის აქტივისტის სასამართლო პროცესი გადაიდო, - ამის შესახებ განცხადება მისმა უფლებადამცველმა, ანა აბაშიძემ გააკეთა. 

აბაშიძის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე აღმოჩნდა, რომ შსს-ს წარმომადგენლებს თავად არ ჰქონდათ გავლილი სწავლება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში, ამიტომ დაცვის მხარემ საქმიდან მათი ჩამოშორების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

მისივე თქმით, არასრულწლოვანის უფლებადამცველმა, იმ კადრების ამოღება მოითხოვა, სადაც ჩანს, რა ვითარებაში დააკავეს არასრულწლოვანი. მოსამართლემ ეს შუამდგომლობაც დააკმაყოფილა.

"გადაიდო ეს პროცესი, მიზეზი არის შემდეგი: შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ ბავშვს უთხრან, რომ ხარ სამართალდამრღვევი, აღმოჩნდა, რომ თავად არ აქვთ გავლილი სწავლება არასრულწლოვანთან მართლმსაჯულების საკითხებში და ჩვენ ვიშუამდგომლეთ მათი ჩამოშორება პროცესიდან. მოსამართლემ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და მათ დატოვეს სხდომის დარბაზი. 

ასევე, მოსამართლემ ჩვენი შუამდგომლობა იმის შესახებ, რომ ობიექტური მტკიცებულება იყოს წარმოდგენილი პროცესზე და არა მხოლოდ უწყების წარმომადგენლების ჩვენებები და ასეთი ობიექტური მტკიცებულება არის, რა თქმა უნდა, პერიმეტრის კამერები, რომლებიც გვიჩვენებს თუ რა მოხდა რეალურად, ბავშვთან დაკავშირებით, მოსამართლემ ესეც დააკმაყოფილა. გამოჩნდება სიმართლე და რეალურად აღმოჩნდება, რომ ეს სამართალდარღვევათა ოქმი არის უსაფუძვლო და ბავშვს არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ჩაუდენია", -  ამბობს ანა აბაშიძე.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ 3 ახალგაზრდასთან დაკავშირებით გაიმართება პროცესი. ახალგაზრდებს დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი