სტუდენტები სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს მათი სასამართლო პროცესების მონიტორინგს სთხოვენ - ომბუდსმენთან შეხვედრა 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობა და შეხვედრას ის სტუდენტები ესწრებოდნენ, რომლებიც 7-9 მარტის აქციებში მონაწილეობდნენ .
მათ შეხვედრაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იოსელიანს აქციების დარბევისას, ძალოვანი უწყების მხრიდან გადაცდომებზე.
სტუდენტებს იმედი აქვთ, რომ ომბუდსმენს შესაბამისი რეაგირება ექნება, გამოიყენებს თავის კომპეტენციას და კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს იმ კამპანიაზეც, რომელიც ხელისუფლებამ სტუდენტების წინააღმდეგ წამოიწყო.
სტუდენტებმა იოსელიანისგან მხარდაჭერის პირობა მიიღეს.
"სახალხო დამცველის აპარატმა თავისი ანგარიშში ასახა და შეაფასა ის მოვლენები, რომელსაც ადგილი ჰქონდა 8 მარტს. შესაბამისად ეს, რა თქმა უნდა, მოხვდება ანგარიშში. რაც შეეხება სტუდენტებთან დაკავშირებულ საკითხებს, სტუდენტების თხოვნა რაც იყო და რაზეც ჩვენ ვუთხარით, რომ მივიღებთ მონაწილეობას. ასევე ავუხსენით რას ნიშნავს სახალხო დამცველის მანდატი. სახალხო დამცველი ვერ იქნება ვინმეს წარმომადგენელი სასამართლოში, ამას აკეთებს ადვოკატი, სახალხო დამცველი შეიძლება იყოს დამკვირვებელი სასამართლო სხდომაზე, რომ შემდეგ ეს ყველაფერი ასახოს საკუთარ ანგარიშში" - თქვა იოსელიანმა
ჯერჯერობით უცნობია როდის გამოქვეყნდება სახალხო დამცველის ანგარიში 7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუდენტებმა განაცხადეს, რომ ისინი აპირებენ არასამთავრონო ორგანიზაციის ჩამოყალიბებას, რომელიც სტუდენტების უფლებებს დაიცავს. გარდა ამისა, ისინი ევროპული ღირებულებების დასაცავად პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.
ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი