ის არ ელოდა, რომ ასე საშინლად მოექცეოდნენ. დაპატიმრება ერთია, მაგრამ ეს წამებისა და ძალადობის სრულიად სხვა დონეა - ედუარდ სააკაშვილი BBC-ზე

გამოქვეყნდა:

„ევროპარლამენტისგან ვითხოვთ, რომ მაგნიტსკის სიის შესაბამისად იქნან სანქცირებულნი ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის წამებაში მონაწილეობენ“, - ამის შესახებ BBC-ს ეთერში ბილ ბრიუდერმა ისაუბრა.

ბრიტანულმა სამაუწყებლო კორპორაციამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ სიუჟეტი მოამზადა და ინტერვიუ ჩამოართვა მაგნიტსკის სიის ავტორს და მიხეილ სააკაშვილის ვაჟს, ედუარდ სააკაშვილს.

ბროუდერის თქმით, სააკაშვილის მოკვლა თავად პუტინს სურს, რადგან იგი 2008 წელს რუსეთის არმიას დაუპირისპირდა.

"ეს ძალიან შემაშფოთებელი ამბავია. სააკაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია, რომლის პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებულია. მას აწამებენ ციხეში და მოწამლეს კიდეც, როგორც საერთაშორისო სამედიცინო დასკვნები გვეუბნება. ეს არის ნელი მკვლელობა. ნებისმიერი ადამიანი, რომელმაც ფოტოები და ვიდეო ნახა, შოკირებული და გაოგნებულია მისი მდგომარეობით. ეს იმდენად სცდება ცივილიზებულ მოქცევას, რომ ევროპარლამენტში ყველამ რაღაცა უნდა მოიმოქმედოს. ისმის შეკითხვა, რატომ სურს საქართველოს მთავრობას მისი სიკვდილი და პასუხი ის არის, რომ პუტინს სურს მისი მოკვლა მას შემდეგ, რაც ის რუსეთის არმიას დაუპირისპირდა 2008 წელს. ასე რომ, საქართველო უბრალოდ კი არ ჯიუტობს, არამედ ის ჯიუტობს ვლადიმირ პუტინის დაკვეთით. ამიტომ, ჩვენ დღეს ევროპარლამენტისგან მოვითხოვთ, რომ მაგნიტსკის სიის შესაბამისად იქნან სანქცირებულნი ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის წამებაში მონაწილეობენ. ევროპარლამენტარები ამის მომხრეები არიან, ახლა მხოლოდ ის დარჩა გასარკვევი, რამდენად სწრაფად შეგვიძლია ამის გაკეთება, რათა მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გაათავისუფლონ ან გაუშვან სამკურნალოდ", - ამბობს ბილ ბროუდერი ინტერვიუში.

BBC-მ ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილის შვილს, ედუარდ სააკაშვილსაც ჩამოართვა, სადაც მან განაცხადა, რომ ახლა საქართველოში აღარავინ დაობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ მთავრობა მაინც ჯიუტობს და მისი პატიმრობიდან გათავისუფლებას არ ჩქარობს.

"მე ის ბოლოს გასული წლის შემოდგომაზე ვნახე, იმიტომ რომ ზამთარში მასთან არ შემიშვეს. თუმცა, მისი მდგომარეობა დღეს საჯაროდ არის ცნობილი. ჩვენ ვნახეთ შემაშფოთებელი კადრები რამდენიმე კვირის წინ და ახლა იმ წერტილამდე მივედით, როდესაც სამთავრობო საავადმყოფომ, რომელშიც ის იმყოფება, პრეს-კონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გავიარეთ პერიოდი, როდესაც მთავრობა მის ავადმყოფობას არ აღიარებდა. ახლა ისინი აღიარებენ, რომ მამაჩემი ცუდად არის, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია, მაგრამ ამაში თავად მას ადანაშაულებენ. ეს საკმაოდ შემაშფოთებელია, მაგრამ ახლა, როგორც მინიმუმ, ყველანი ვთანხმდებით, რომ სიტუაცია საკმაოდ მძიმეა. ის არ ელოდა, რომ ასე საშინლად მოექცეოდნენ. დაპატიმრება ერთია, მაგრამ ეს წამებისა და ძალადობის სრულიად სხვა დონეა. ახლა მისი ერთადერთი მიზანია, რომ გამოინახოს გზა, რათა საერთაშორისო ზეწოლითა და ყურადღებით მოხდეს საქართველოს მთავრობის დაყოლიება, რომ ის სამკურნალოდ გაუშვან. ამიტომ, როდესაც პრეზიდენტი მაკრონი, პრეზიდენტი ზელენსკი და სხვები პირდაპირ მოუწოდებენ საქართველოს სწორი გადაწყვეტილების მიღებისკენ, ეს ძალიან გვეხმარება", - განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი