ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის თქმით, არსებობს საკმარისი მიზეზები, რომ პუტინი პასუხისმგებლად მიიჩნიონ უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაში უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან.
ხანმა აღნიშნა, რომ გამოძიების დროს მისმა ოფისმა დაადასტურა ბავშვთა სახლებიდან და სკოლა-ინტერნატებიდან გამოყვანილი სულ მცირე ასობით ბავშვის დეპორტაციის შემთხვევები. გამოძიების თანახმად, ამ ბავშვებიდან ბევრი შვილად აყვანის მიზნით, რუსეთს გადაეცა.
რუსეთში პუტინის ბრძანებით შეიცვალა კანონმდებლობა, რათა დაჩქარებულიყო რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება, რამაც გააადვილა მათი შვილად აყვანა რუსი ოჯახების მიერ.
"ჩემი ოფისის მიერ დამოუკიდებელი გამოძიების პროცესში შეგროვებული და გაანალიზებული მტკიცებულებების საფუძველზე, წინასწარი სასამართლოს პალატამ დაადასტურა, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ პრეზიდენტ პუტინს და ქ-ნი ლვოვა-ბელოვას ეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უკანონო დეპორტაციაზე. უკრაინელი ბავშვების უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან რუსეთის ფედერაციაში გადაყვანა ეწინააღმდეგება რომის სტატუტის მუხლებს" - ნათქვამია კარიმ ხანის განცხადებაში.
გარდა ამისა, ICC პროკურატურა აცხადებს, რომ ეს ქმედებები, სხვა საკითხებთან ერთად, ასახავს ბავშვების საკუთარი ქვეყნიდან სამუდამოდ განდევნის განზრახვას. დეპორტაციის დროს უკრაინელი ბავშვები იმყოფებოდნენ ჟენევის მეოთხე კონვენციის დაცვის ქვეშ.
"ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ დამნაშავეები პასუხისმგებელნი იყვნენ მართლმსაჯულების წინაშე და ბავშვები დაბრუნდნენ ოჯახებში. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ბავშვებს ისე მოეპყრონ, თითქოს ისინი ომის ნადავლი არიან. როგორც გასული წლის მაისში ვთქვი, უკრაინა არის დანაშაულის ადგილი, რომელიც მოიცავს სავარაუდო საერთაშორისო დანაშაულების კომპლექსურ და ფართო სპექტრს. ჩვენ არ მოვერიდებით დაკავების ორდერის შემდგომი მოთხოვნის წარდგენას, როდესაც ამას მოითხოვს მტკიცებულებები", - თქვა ხანმა
შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის წარმომადგენელი ბავშვთა უფლებების საკითხებში მარია ოლექსიივნა ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.
სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზად უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების გატაცება სახელდება.