"კაჭარავასა და ქართულ რაგბის მშვიდი, სტაბილური გარემო სჭირდებათ..." - კულტურის სამინისტროს მხარდაჭერა კაჭარავას 

გამოქვეყნდა:

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ყოფილ მორაგბეს, დავით კაჭარავას სოლიდარობას უცხადებენ და წერენ, რომ ის არის სპორტსმენი, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კვართით არაერთი თამაში ჩაატარა და ქვეყანას წარმატება მოუტანა. 

სამინისტროს ცნობით, კაჭარავასა და ქართულ რაგბს სიმშვიდე სჭირდება, რათა ეროვნული ნაკრები სექტემბერ-ოქტომბერში გასამართი მსოფლიოს თასისთვის საუკეთესო პირობებში მოემზადოს. 

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ვეტერან „ბორჯღალოსანს“, ერთ-ერთ გამორჩეულ მორაგბეს, დავით კაჭარავას, მხარდაჭერას უცხადებს და მკაცრად გმობს მის მიმართ სხვადასხვა მედიასაშუალებით თუ სოციალური ქსელით გავრცელებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს.

დავით კაჭარავა „ბორჯღალოსანთა“ იმ თაობის წარმომადგენელია, რომელმაც ქართული სპორტის გულშემატკივარს არაერთი დაუვიწყარი წუთი აჩუქა და თავის ქვეყანას ისტორიული გამარჯვებები მოუტანა. დავით კაჭარავა ის მორაგბეა, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კვართით ოთხ მსოფლიოს თასზე ითამაშა (2007, 2011, 2015, 2019 წლებში) და საფრანგეთში გამართულ მსოფლიოს თასზე ნამიბიასთან მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებაში თავისი წვლილი ლელოთი შეიტანა.

ის არის სპორტსმენი, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კვართით 122 თამაში ჩაატარა, 125 ქულა დააგროვა და „ბორჯღალოსნებთან“ ერთად 11-ჯერ მოიგო "რაგბი ევროპის" ჩემპიონატი, სხვა მეტოქეებთან ერთად, რუსეთის ნაკრების დამარცხებითაც.

კაჭარავამ და მისი თაობის მორაგბეებმა ქართული რაგბის განვითარებას მტკიცე საფუძველი ჩაუყარეს. მათი თავდადების საუკეთესო გამოძახილი იყო შარშან ჩვენი ნაკრების მიერ ორი ელიტური ნაკრების - იტალიისა და უელსის დამარცხება და დღეს ამ ადამიანის შეურაცხყოფა ჩრდილს აყენებს არა მარტო მას, არამედ ქართულ რაგბის, რომელმაც საქართველოს არაერთხელ მოუტანა დიდი სიხარული.

დღეს დავით კაჭარავასა და, საზოგადოდ, ქართულ რაგბის მშვიდი, სტაბილური გარემო სჭირდებათ იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები საფრანგეთში გასამართი (8 სექტემბერი-28 ოქტომბერი) მსოფლიოს თასისთვის საუკეთესო პირობებში მოემზადოს და იქ ქართული რაგბის ახალი ისტორია დაწეროს.

ცნობისთვის, სპორტსმენების დიდი ნაწილი აპროტესტებს ყოფილი თანაგუნდელის და ამჟამად ხალხის ძალის წევრის პოლიტიკურ ნაბიჯებს და რუსული კანონის მხარდაჭერის გამო მოითხოვს კაჭარავასგან პოსტის დატოვებას. ყოფილი სპორტსმენი ახლა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარეა. თავად სპორტული ორგანო საკუთარ თავმჯდომარეს მხარს უჭერს და ოპონენტებს პოლიტიკურ დღის წესრიგს უწუნებს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი