ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, სავარაუდოდ, დაადასტურა უკრაინის საბრძოლო ველებზე ჩინური საბრძოლო მასალის გამოყენების ფაქტები და ეჭვობს, რომ ისინი რუსებმა დაამზადეს - წერს იაპონური გამოცემა Kyodo News აშშ-ს სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის ადმინისტრაციის წყაროების თანახმად, უკრაინის საბრძოლო ველზე ჩინური საბრძოლო მასალის ჭურვები გამოიყენებოდა და ეჭვობენ, რომ ისინი რუსული ძალების მიერ იყო გასროლილი, თუმცა საბრძოლო მასალის წარმომავლობა უცნობია. კერძოდ, ჯერჯერობით გაურკვეველია, იყო თუ არა ჭურვები ჩინეთის მიერ მოწოდებული.
წყაროები არ აკონკრეტებენ რა სახის საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს, თუმცა შემადგენლობისა და სხვა ფაქტორების გაანალიზების შემდეგ, ამბობენ, რომ ის ჩინეთში დაამზადეს.
იაპონური მედია წერს, რომ ვაშინგტონი მზად არის მიიღოს ზომები, თუ დადასტურდება, რომ პეკინმა მოსკოვს საბრძოლო მასალა მიაწოდა.
როგორს სტატიაშია აღნიშნული, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის უთანხმოების ფონზე, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ ვაშინგტონი ფლობს სადაზვერვო ინფორმაციას, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ პეკინი განიხილავს რუსეთისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის გაგზავნას.
„ეს არის ის, რის მიმართაც ჩვენ ფხიზლად ვართ და ვაგრძელებთ ყურადღებით დაკვირვებას“, განუცხადა Kyodo News-ს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
წყაროების ცნობით, შეერთებულმა შტატებმა ზოგიერთ პარტნიორს აცნობა ჩინეთის მიერ რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაზე ინფორმაციის დადასტურების შესახებ. გამოცემის ცნობით, ინფორმაცია მას შედეგ დადასტურდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ორშაბათიდან სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით მოსკოვში აპირებს გამგზავრებას.