არჩევნები 2020 - პროპორციული სიების პირველი ნომრები, პარტიების ლიდერები იქნებიან

გამოქვეყნდა:

მმართველმა პარტიამ დრო აგვისტოს ბოლომდე ითხოვა. პროპორციულ სიას წერენ, მაგრამ ჯერ პირველი ნომერი არ ჰყავთ. პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას ელოდებიან - მოინდომებს თუ არა ფორმალურადაც იყოს სიაშიც პირველი.

ფიქრობენ, რომ მაჟორიტარობის კანდიდატები გამსვლელ სიაში არ უნდა იყვნენ, თუმცა ესეც საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. "ოცნება" პროპორციული შემადგენლობისთვის 30 ქალს არჩევს. უმრავლესობის ლიდერები პირად საუბრებში ყვებიან, რომ ქალი პოლიტიკოსების მოძებნა გაუჭირდათ. 

მთავარი ოპოზიციური ძალისთვის 2020 წლის საპარლამენტო მარათონზე მიზანი - ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაა. ფიქრობენ, რომ ამ გზავნილით ყველა ვინც ნაციონალური მოძრაობის პროპორციულ სიაში მოხვდება, პოლიტიკური ბრძოლაში მათი წვლილი გადამწყვეტი იქნება. გამსვლელ ხუთეულს და ათეულს არ ასახელებენ და სიის წარდგენას ამომრჩევლისთვის აგვისტოს მეორე ნახევარში გეგმავენ. 

"ევროპული საქართველოს" სიას სათავეში დავით ბაქრაძე ჩაუდგება. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე პროპორციული სიის პირველი ნომერი მეოთხედ იქნება, მაგრამ პირველად "ევროპული საქართველოს" სახელით. სია კი იმის მიხედვით დაკომპლექტდება და დეპუტატიც ის გახდება, ვინც თავის საკურატორო ოლქებში "ევროპულ საქართველოს" არჩევნებზე ყველაზე მეტს ხმას მოუტანს. 

პირველად და დამოუკიდებლად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას თავისი პარტიით უმრავლესობიდან დემარშით წასული ეკა ბესელია. პარტია "სამართლიანობისთვის" სიის პირველი ნომერიც თვითონ იქნება. დანარჩენ წევრებს ჯერ არ ასახელებს. აპირებს რომ სიაში ყოველი მესამე განსხვავებული სქესის წარმომადგენელი წარადგინოს. უფრო მეტს სამ დღეში, ხუთშაბათს პარტიის შტაბის გახსნაზე იტყვის. 

პროპორციულ სიას ადგენენ "ლელოშიც". ამბობენ რომ გადამწყვეტი ამომრჩევლის პოზიცია და წინასწარი გამოკითხვა იქნება. ამიტომაც სიის პირველ ხუთეულსაც არ ასახელებენ, თუმცა პირველ ორ ადგილს რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე გადაინაწილებენ ეს ახალი ამბავი არავისთვის იქნება.

გადაწყვეტილება მიღებული აქვს ნინო ბურჯანაძესაც. "ერთიანი საქართველოს" ლიდერი სიის პირველი ნომერი იქნება, მეორე და მესამე ადგილებს პარტიის გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ანზორ ბიწაძე გადაინაწილებენ. 

დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში წამოიწყო გიორგი ვაშაძემ. დღეს ვაშაძის პარტიამ - გაერთიანება "ძალა ერთობაშია" ოფიციალურად დატოვა და ახალი პოლიტიკური პლატფორმა "სტრატეგია აღმაშენებელი" თაკო ჩარკვიანთან ერთად დააფუძნა. 

პარტიებმა პროპორციული სია არჩევნებამდე 2 თვით ადრე უნდა გაასაჯაროვონ. ამას პოლიტიკურ გაერთიანებებს კანონი ავალდებულებს, თუმცა ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ირწმუნება, რომ მათ რჩეულებს  ბევრად უფრო ადრე გააცნობენ ამომრჩეველს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი