ბროუდერი EU-ს მოუწოდებს დაუწესოს სანქციები ყველას, ვინც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა პასუხისმგებელი - Politico 

გამოქვეყნდა:

"ბილ ბროუდერი მოუწოდებს ევროკავშირს იმოქმედოს საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა უარესდება" გამოცემა Politico ამ სათაურით სტატიას აქვეყნებს. 

სტატიაში განმარტებულია, რომ კრემლის კრიტიკოსი ბილ ბროუდერი ყურადღებას ამახვილებს საქართველოზე და მოუწოდებს ევროკავშირს სანქციები დაუწესოს დაპატიმრებული მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებელ პირებს. 

POLITICO-ს ევროკავშირის კონფიდენციალურ პოდკასტის ინტერვიუში, ბროუდერმა თქვა, რომ დროა ევროკავშირმა გააფართოოს ადამიანის უფლებების შესახებ სანქციები, რათა მოიცვას საქართველოში მცხოვრები ადამიანები.

"სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პირადი მტერია და მისი საქმე სწრაფად ხდება ბარომეტრი იმისა, სურს თუ არა მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას" ევროკავშირთან და აშშ-თან თანამშრომლობა. „ქართული ოცნების“ კრიტიკოსები ჩივიან, რომ იგი მიზანმიმართულად უშლის ხელს ქვეყნის მისწრაფებებს ევროკავშირისკენ, რათა თავიდან აიცილოს მოსკოვის განაწყენება" ,- ნათქვამია სტატიაში. 

სტატიაში აღნიშნულია, რომ სულ უფრო იზრდება შეშფოთება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მათი ცნობით, გასული წლის ბოლოს POLITICO-ს მიერ მოპოვებული სამედიცინო მოხსენებების თანახმად, გამოვლენილია "ვერცხლისწყლისა და დარიშხანის" კვალი მიხეილ სააკაშვილის თმასა და ფრჩხილებში და დაზიანებები "მთელ სხეულზე".

”ამჯერად საჭიროა უფრო სწრაფი მოქმედება, რადგან თუ არაფერი გაკეთდება, ის მოკვდება”, - თქვა ბრაუდერმა და აღნიშნა, რომ "მაგნიტსკის სანქციები არ არის სანქციები მხოლოდ რუსეთისთვის. ეს გლობალურია… ის გლობალურად ვრცელდება. და თუ დადგინდა, რომ პირი არის ადამიანის უფლებების დამრღვევი, თუ ვინმე ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევს - რაც, ვფიქრობ, მის [მიხეილ სააკაშვილის] შემთხვევაში აშკარაა - მაშინ სანქციები მასზეც უნდა გავრცელდეს",- ამბობს ბროუდერი. 

მაგრამ ბრაუდერი ამბობს, რომ ევროკავშირი აჭიანურებს სანქციებს.

„ევროკავშირს აქვს მაგნიტსკის აქტის მიხედვით სანქცირებული ადამიანების ყველაზე ნაკლები რაოდენობა - მკაცრად ჩამორჩება სხვა დიდ ქვეყნებს... მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება სრული წარუმატებლობა მათი მხრიდან, რომ არ გააკეთონ ეს, არ გამოიყენონ ეს[სანქცირების] ინსტრუმენტი” ,- ამბობს ბროუდერი. 

"პოლიტიკო" წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღის წესრიგის სათავეში დგას, მას შემდეგ, რაც სოციალურ მედიაში გამოქვეყნდა სურათები, რომლებშიც ნაჩვენებია, როგორ არის დასუსტებული. დაპატიმრების შემდეგ რამდენჯერმე შიმშილობდა და ამბობს, რომ მოწამლეს. საქართველოს ხელისუფლება კი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ვადამდელი გათავისუფლების იმედით, არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამტკიცებს, რომ სააკაშვილის „რადიკალური მხარდამჭერები“ განზრახ ცდილობენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამწვავებას, რათა გზა გაუხსნან მის გათავისუფლებას. 12 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს სააკაშვილი და გაიაროს მკურნალობა, იყო იმის დასტური, რომ „სააკაშვილი მათი აგენტია“ და რომ „ისინი ყველაფერს აკეთებენ თავიანთი აგენტის გადასარჩენად და ციხიდან გამოსაყვანად". „ევროპარლამენტმა თავის თავს უნდა მიხედოს. 100 ევროპარლამენტარია ჩართული კორუფციულ სკანდალში, რატომ გვეუბნებიან რა ვქნათ?“ - თქვა ღარიბაშვილმა.

სტატიის დასასრულს ავტორი შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და ყოველწლიურად 100 მილიონ ევროზე მეტს აძლევს საქართველოს ტექნიკური და ფინანსური დახმარების სახით.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი