გაფლანგული მილიონები - ბაკურციხე-თელავის შემოვლითი გზა დაუსრულებელი რჩება

გამოქვეყნდა:

ბაკურციხე-თელავის შემოვლითი გზის დასრულების შესახებ პასუხი ამ დრომდე არ არსებობს. ბოლო სამი წელია, გურჯაანში, ბესიკის ქუჩის მცხოვრებლებს საპროტესტო აქციაზე დგომა უწევთ. დაუსრულებელი გზის გამო, მოსახლეობა გაუსაძლის პირობებსა და შექმნილ საფრთხეებზე ჩივის.

ადგილობრივებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან დასკვნაც აქვთ. დოკუმენტში წერია, რომ საცხოვრებელი სახლი ავტობანიდან 50 მეტრით უნდა იყოს დაშორებული.

ოჯახებმა ინფრასტრუქტურის მინისტრს რამდენჯერმე მიმართეს, სახლებიდან გაყვანა და კომპენსაციაც ითხოვეს, თუმცა დანაპირები ისევ შეუსრულებელია.

ავტობანის გაყვანაზე პირობა 2016 წელს გაიცა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტი 15 კილომეტრიან გზაზე საგზაო ინფრასტრუქტურის სრულად მოწესრიგებასა და მგზავრობის დროის შემცირებას ითვალისწინებდა.

ადგილზე ახლა მხოლოდ 5 კილომეტრიანი გზაა გაყვანილი და ისიც ხარვეზებით. დანგრეულია ჯებირების ერთი ნაწილი. ზოგგან კი მთელი რიგი სამუშაო ახლიდან არის დასაწყები.

თანხის გაფლანგვა და დანაშაულებრივი გულგრილობა - ეს არის ის შეფასება, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ამ საკითხზე აკეთებენ. ვინ შეჭამა გზა, ვინ შეჭამა კახეთი? - ამ კითხვებით მიმართეს ოპოზიციონერებმა კახეთში სახელმწიფო რწმუნებულს, მხარის ადმინისტრაციასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე.

აქციის მონაწილეებმა მხარის გუბერნატორისგან, რომელიც მოსახლეობას გზის სამუშაოს შესრულებაზე დაპირებას ჯერ კიდევ საარჩევნო წელს აძლევდა, პასუხი ვერ მიიღეს

როდის დასრულდება კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან ბაკურციხე- თელავის შემოვლითი გზის სამუშაო, უცნობია. ტურისტული და საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალზე მსოფლიო ბანკმა სესხის სახით 38 მილიონი ლარი გასცა.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი