"ფეისბუქის" მიერ დაბლოკილი ბოტები და ტროლები სოციალურ ქსელში სამთავრობო ანგარიშებმა ჩაანაცვლეს. სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ოფიციალური გვერდები, რომლებიც წესით ქვეყნის ინტერესებს უნდა იცავდნენ და ანტიდასავლური და პრორუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მუშაობდნენ, წინასაარჩევნოდ განსაკუთრებით გააქტიურდნენ. ანგარიშების მთავარი სამიზნე კრიტიკული მედია საშუალებებია.
"მთავარი არხის" მწვავე რეპორტაჟებით გაღიზიანებული ხელისუფლების ლიდერების რეაქცია მყისიერად აისახება სახელმწიფო სტურქტურის ოფიცილაურ "ფეისბუქზე", საიდანაც მედიაზე ღია შეტევამ ყოველდღიური სახე მიიღო.
აღნიშნული გვერდები ყალბი "ფეისბუქ" ანგარიშები არ გეგონოთ. საქმე ეხება მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ოფიციალურ სოციალურ ქსელს. სამსახურები, რომლებიც უსაფრთხოების გამოწვევებისა და რუსული პროპაგანდის წინაღმდეგ უნდა მუშაობდნენ, დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების გაშავებით არიან დაკავებულები. დეპარტამენტმა, რომლის მუშაობაც არც ისე გამჭირვალე და საჯაროა, როგორც ჩანს, სამთავრობო სტრუქტურების დამატებითი პიარ სამსახურის ფუნქცია შეითავსა და არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპონენტების წინააღმდეგ კიდევ უფრო გააქტიურდა.
მედიის განვითარების ფონდის კვლევით დგინდება, რომ "ოცნების" ხელისუფლებას, განსაკუთრებით "მთავარი არხის" მიერ მომზადებული სიუჟეტები აღიზიანებს და მთავრობის სტრატკომებიც ყველაზე მეტად სწორედ "მთავარის" გაშავებაზე არიან ორიენტირებულნი. სამაგიეროდ, ამავე სტრატკომის გვერდებზე თითქმის ვერ შევხვდებით იმ ღიად პრორუსული გამოცემებისა და ტელევიზიების კრიტიკას, რომლებიც თავის მხრივ, სამთავრობო გუნდთან საკმაოდ ჰარმონიულად თანამშრომლობენ.
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპატრამენტის დეკლარირებული მიზანი ანტიდასავლური და პრორუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მუშაობაა. მაგალითად, ღარიბაშვილის უწყებამ ე.წ "ფეიკ ნიუსებთან" ბრძოლა არჩია და ამ ბრძოლაში საგარეო საფრთხე სულ გადაავიწყდა.
რატომ იკისრა მოახლოებული გადამწყვეტი არჩევნების წინ მთავრობამ მედიაცენზორის ფუნქცია, ალბათ, რთული მისახვედრი არაა. ოპოზიციური მედიასაშუალებების წინააღმდეგ დარაზმულია როგორ სამთავრობო ტელევიზიები, ასევე მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი და უშუალოდ "ოცნების" პირველი პირები. მაგალითად, კახა კალაძის მიერ მომზადებული გადაცემათა ციკლი, რომელშიც თბილისის მერმა და ყოფილმა ფეხბურთელმა ტელეწამყვანობაც შეითავსა და ოპოზიციურ მედიას თავისი ფლანგიდან შეუტია.
რას ემსახურება ქვეყნის მთავარი გამოწვევის - ოკუპანტი ქვეყნისგან მომდინარე მძლავრი დეზინფორმაციული კამპანიის დღის წესრიგიდან გაქრობა? უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე "ოცნების" გუნდის ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მათივე პრორუსული განწყობებით ხსნის.
გუნდი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ღიად პრორუსული განცხადებებით გამოირჩევა, 8 წლის განმავლობაში სწორედ რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკის გზას ირჩევს. სატელევიზიო არქივი არაერთი განცხადებას ინახავს, რომელიც მმართველი გუნდის გაცხადებულ სტრატეგიაზე ღიად მიუთითებს.
ტროლების ქარხნის შექმნელი და ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელებაში "ფეისბუქის" მიერ ორგზის დადანაშაულებული "ქართული ოცნება" ახლა ცდილობს, სიბინძურე ჩამოირეცხოს და ე.წ. "ფეიკ ნიუსებთან" ბრძოლის პოლიტიკით დღის წესრიგიდან ჰიბრიდული ომის საფრთხეები და მის მიერ ამუშავებული ტროლები გადაფაროს.