წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გათავისუფლებას მისი ადვოკატი 100 ათას ლარიანი გირაოს საფუძველზე ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და თემურ ღვინჯილია მისივე აპარატის თანამშრომელთან, მათე ღვინჯილიასთან ერთად, ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლემ გადაწყვეტილება მიმალვის, მოწმეებზე შესაძლო ზეწოლისა და მტკიცებულებების განადგურების შესაძლო საფრთხის მოტივით მიიღო.
თავად დაკავებული მაღალჩინოსანი ბრალს არ აღიარებს, დუმილის უფლებას იყენებს. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ერთ ერთი ბრალდებული ამბობს, რომ სიგარეტი ოკუპირებული რეგიონიდან ზუგდიდში მოსახლეობისთვის საჩუქრად გადმოჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები 26 ივლისს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.