რუსული მედიის ცნობით, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს პუტინის დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში ვიზიტზე ისაუბრა და თქვა, რომ ვლადიმერ პუტინი მოქალაქეებს შეხვდა და გასცემს ბრძანებას იმ პრობლემების გადასაჭრელად, რაზეც დროებით ოკუპირებული მარიუპოლის მცხოვრებლებმა ესაუბრეს.
"პრეზიდენტთან საუბრისას მარიუპოლის მოსახლეობისგან დაისვა კითხვები, რომლებიც ეხებოდა ხელფასების, რუსეთის მოქალაქეობისა და რუსული პასპორტების დაგვიანებულ მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. პრეზიდენტი მისცემს მითითებებს სიტუაციის მოსაგვარებლად", - თქვა პესკოვმა.
რუსული მედია წერს, რომ პუტინმა სანაპირო ზოლი, აღდგენილი ფილარმონია და აზოვის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის შენობა დაათვალიერა. გარდა ამისა, ის საცხოვრებელ უბანში შევიდა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
ამასთან, უკრაინული მედია წერს, რომ პროპაგანდისტებმა შეკრიბეს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობად გამოიყვანეს. მათ განადიდეს „მეფე“ და მადლობა გადაუხადეს "გამარჯვებისთვის“. პუტინი მიიყვანეს განახლებულ საცხოვრებელ კომპლექსში, სადაც ის თითქოს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა "განადიდეს".
"რუსმა პროპაგანდისტებმა "მარიუპოლელების" ვიდეოები აჩვენეს. კადრებში დანგრეული ქალაქის მცხოვრებლები თითქოს ამბობენ, რომ მათ არაფერი დარჩათ, მაგრამ მაინც მადლობას უხდიან პუტინს "სამოთხის პატარა ნაწილისთვის“, შეკეთებული ბინის სახით", - წერს Unian.
უკრაინული მედია წერს, პროპაგანდისტული ვიდეორგოლების ზოგიერთი „გმირის“ იდენტიფიცირება მოხდა. მათი ცნობით, ქალი, რომელიც ვიდეომასალაში "პუტინისთვის ლოცულობს“ - ირინა ვოლოსატოვაა. მისი მეზობლები ამბობენ, რომ მან რამდენიმე მეზობლის ბინა დაარბია.
იხილეთ ასევე: