მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებული ვითარება აზიანებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს, აუცილებელია გამოსავლის პოვნა - კლეიტონი 

გამოქვეყნდა:

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის, მარკ კლეიტონის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლებაა.

როგორც კლეიტონმა აღნიშნა, მესამე პრეზიდენტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს იმიჯს, ამიტომ აუცილებელია გამოსავლის პოვნა.

"დიდ ბრიტანეთს მიხელ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საკმაოდ მკაფიო პოზიცია უჭირავს. ყურადღებით ვაკვირდებით მონაცემებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია მის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და უსაფრთხოებაზე. მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებული ვითარება აზიანებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს, აუცილებელია გამოსავლის პოვნა", - თქვა დიდი ბრიტანეთის ელჩმა.

დიდი ბრიტანეთის ელჩი, ასევე, გამოეხმაურა რუსულ კანონს - მისი თქმით, მოხარულია, რომ კანონპროექტი არ მიიღეს. როგორც ელჩმა აღნიშნა, ბრიტანეთი საქართველოს დემოკრატიული რეფორმების გატარებასა და პროგრესში დაეხმარება.

"დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში იყო ჩამოსული და ქართველი კოლეგას ილია დარჩიაშვილსა და პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა, საკმაოდ კარგი შეხვედრა იყო. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს დემოკრატიული რეფორმების გატარებასა და პროგრესის მიღწევაში. ვაკეთებთ ყველაფერს მედიის თავისუფლებისთვის, მიხარია, რომ ამდენ ჟურნალისტს ვხედავთ აქ. საკმაოდ მკაფიო პოზიცია დავაფიქსირეთ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით - ეს არ იყო სწორი გზა წინსვლისთვის, ძალიან მოხარული ვარ რომ ეს კანონი არ მიიღეს", - თქვა კლეიტონმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი