
"მთავარი არხის" ინფორმაციით, განათლების სამინისტროს გარდა სამთავრობო ცვლილებები სხვა უწყებებშიც იგეგმება.
მთავრობის ადმინისტრაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ დღეს, 14:00 საათზე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განათლების ახალ მინისტრს წარადგენს. სამთავრობო მედიებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიხეილ ჩხენკელს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარი ჩაანაცვლებს.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ცვლილებები იგეგმება ფინანსთა სამინისტროშიც, რომლის მინისტრიც ამჟამად ლაშა ხუციშვილია - ხუციშვილს სავარაუდოდ, მოქმედი ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ჩაანაცვლებს.
რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის პოსტს, თანამდებობაზე ორი ვერსია განიხილება. ერთ-ერთი ვერსიით, აზარაშვილს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური შეცვლის, მეორე ვერსიით კი პოსტზე მოქმედი კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი განიხილება. კულტურის მინისტრი კი სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" დეპუტატი ქეთი დუმბაძე გახდება.
"მთავარი არხის" ინფორმაციითვე, ცვლილებები იგეგმება ეროვნულ ბანკშიც. კობა გვენეტაძეს სავარაუდოდ, მოქმედი ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეცვლის.