შემთხვევით, იგივე სტუდიიდან ხომ არ მიდიოდა ადამიანების მორალური განადგურების მცდელობა - პაპუაშვილი ტურაშვილზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი რუსული კანონის კრიტიკის გამო დათო ტურაშვილის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას გამოეხმაურა და თქვა, რომ მომხდარი ზიზღის კამპანიის შედეგი იყო, თუმცა პასუხისმგებლობა ოპოზიციასა და საზოგადოების იმ ნაწილს დააკისრა, რომლებიც რუსულ კანონს აკრიტიკებდნენ.

კითხვაზე, იყო თუ არა ტურაშვილის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია ხელისუფლების წახალისებული, პაპუაშვილმა თქვა, რომ "რა თქმა უნდა, არა".

პარლამენტის თავმჯდომარემ ტურაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სამწუხარო უწოდა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ "ადამიანების მორალური განადგურების მცდელობა, სწორედ იმავე სტუდიიდან ხდებოდა".

"ძალიან სამწუხაროა, რომ მას ასე ემოციურად მოუწია ამ ყველაფრის მიღება და ვუსურვებ, მალე გამოჯანმრთელდეს და მოძლიერდეს. ამავე დროს, რთულია, არ დაინახო ის ფარისევლობა, რაც თვეების განმავლობაში ხდება იმავე ტელევიზიაში, იმავე სტუდიაში, თუ გვერდზე სტუდიაში. სწორედ ის გესლი, რომელიც ასეთი მედიიდან მოედინება....გაიხსენეთ, თორნიკე შენგელიას ამბავი, ხვიჩა კვარაცხელიას ამბავი, შემთხვევით, იგივე სტუდიიდან ხომ არ მიდიოდა ამ ადამიანების მორალური განადგურების მცდელობა. და ეს ადამიანები, რომლებიც ამ გესლს საზოგადოებას აწვეთებენ და ცდილობენ, შხამი შემოიტანონ ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში, ეს ადამიანები რომ აღშფოთდებიან ხოლმე ესაა ყველაზე დიდი ფარისევლობა. ადამიანები, რომელიღაც სხვებს მორალურად ანადგურებენ, შემდეგ წუხან სხვა ადამიანებზე", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ 19 მარტს ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ემოციური გამოსვლის შემდეგ, მწერალი დათო ტურაშვილი შეუძლოდ გახდა, რის გამოც ის კლინიკაში გადაიყვანეს. ტურაშვილი ფორმულას ეთერში რუსული კანონის კრიტიკის გამო მის მიმართ აგორებულ კამპანიაზე საუბრობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი