
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ არ პასუხობს კითხვას ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, არის თუ არა ვლადიმერ პუტინი სამხედრო დამნაშავე.
კითხვაზე პასუხის მაგივრად ღარიბაშვილი მსოფლიოში არსებულ სიტუაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ ახლა მთელი სამყარო მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე დგას.
"ჯერ ერთი ამის შესახებ გუნდში გააკეთეს განმარტება და განცხადება. მეორეც, მე მინდა გითხრათ, დღეს მსოფლიო, მთელი სამყარო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე. ეს შეფასება არ არის გადაჭარბებული, ეს არ არის სპეკულაცია, ჩვენ ვუყურებთ დღითი-დღე უფრო მეტ კონფრონტაციას, მეტ დაძაბულობას და მეტ ესკალაციას. ამ პირობებში ჩემი როგორც მთავრობის მეთაურის მთავარი საზრუნავი და დაკვეთა ხალხის, არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და ჩვენი ხალხის გადარჩენა", - ამბობს პრემიერი "მთავარი არხის" ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
შეგახსენებთ, რომ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტის და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის დაკავების ორდერები გასცა. მმართველი პარტია ამ დრომდე თავს იკავებს ჰააგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შეფასებისგან.