
გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე იმ პირებისთვის, ვინც 18 ივნისის ღამეს "ტოიოტა ქემრიში" იმყოფებოდნენ, ბრალის დამძიმებას ითხოვს. მისი თქმით, ოჯახი კმაყოფილია სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, რადგან დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლა ობიექტური გამოძიების წარმოებას შეუშლიდა ხელს.
ყველა იმ პირს, ვინც იმყოფებოდა "ტოიოტა ქემრიში", საუბარია ექვსივე მათგანზე, ჩვენ გვაქვს კატეგორიული პოზიცია, რომ უნდა დაუმძიმდეთ, მე ვთვლი, რომ დღესდღეობით ამის საფუძველი უკვე არსებობს სისხლის სამართლის საქმეში, ასე რომ, ამაში მოულოდნელი არაფერი იქნება, - ამბობს მირიან ნიკოლაძე.
ბრალდებულთა ადვოკატები ამ მოთხოვნას აბსურდულს უწოდებენ და ამბობენ, რომ ბრალის დამძიმება ვერ მოხდება, რადგან საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს. ბრალდებულთა ადვოკატების თქმით, სასამართლოზე ზეწოლის გამო ვერც აღმკვეთი ღონისძიების პატიმრობის შეცვლა მოხდება გირაოთი.
შესაძლებელია ბრალი ვიღაცეებს დაუმძიმდეს, მათ შორის, ჩვენც, მაგას ვერ გამოვრიცხავ, ვერც დავადასტურებ, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია აღნიშნულ საქმეში, უნდა იყოს მტკიცებულებები. შესაძლებელია, ბრალი იმიტომ დაუმძიმონ ამ პირებს, რომ ესე ვთქვათ, საზოგადოების გული მოიგონ, - ამბობს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.
უფლებადამცველ გიორგი ყიფშიძის თქმით, იმ ბრალდების განმტკიცებაც კი, რაც ახლა საქმეში დევს, წარმოუდგენელია, შესაბამისად, ბრალის დამძიმებაზე საუბარიც კი არ უნდა იყოს.
ახლა თუ სხვა რამე არსებობს ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით და სხვაგან კითხულობენ რამეს, ეს სხვა რამეა. დაველოდოთ ექსპერტის დასკვნებს, დამატებით მტკიცებულებებს, და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ თქმას, რა ექნება გამოძიებას იმისთვის, რომ რა მუხლებით გადააგზავნის სასამართლოში, - ამბობს იგი.
გუშინ, 27 ივლისს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11 სრულწლოვნის პირველი სასამართლო გაიმართა, სადაც მათთვის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობდნენ. მოსამართლე მაია ოშხარელმა 11-ვე პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ამ სხდომაზე 11-დან 8 დაკავებულმა წარდგენილი ბრალდება უარყო. ორმა საბურთალოელმა, საბა ჩხარტიშვილმა და საბა გოგშელიძემ კი დუმილის უფლებით ისარგებლეს, ხოლო ბრალი ნაწილობრივ აღიარა ირაკლი წაქაძემ.
19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი კი 31 ივლისს გაიმართება.
19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.