არ მჯერა...7 წელი ადამიანი რაღაცას არ აცხადებდა და ახლა გაახსენდა - მდინარაძე მაკო ჯაბუას პოსტზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი მამუკა მდინარაძე ჟურნალისტ მაკო ჯაბუას Facebook პოსტს გამოეხმაურა, რომელმაც Post TV-ის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა.

მდინარაძის თქმით, მას არ სჯერა იმ ბრალდებების რაზეც ჯაბუამ პოსტში ისაუბრა და თქვა, რომ მისი აზრით, მხილება, დიდი ალბათობით, არის "ფაშისტური კამპანიის" ნაწილი. მისივე თქმით, ეს ამბავი აგონებს ბოლშევიკების პერიოდში "დანოსების" დაწერას. 

მდინარაძე ამბობს, რომ გამოძიება სჭირდება იმას, თუ რა მოხდა სინამდვილეში. მისივე თქმით, ეს "კრიტიკული ტელეკომპანიის" ჟურნალისტების მიმართ დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილია.

"ნაცმოძრაობის ერთი ტელეკომპანიის თუ მედიაგამოცემის, არ ვიცი ზუსტად, ჟურნალისტი Post TV-ის ერთ-ერთ წამყვანს ადანაშაულებს რაღაცაში, ბოლშევიკები აკეთებდნენ ბოლოს ამას, თავის კოლეგებს უპირისპირებდნენ ერთმანეთს და ე.წ. დანოსებს აწერინებდნენ. 7 წელი რაღაც მომხდარა არ გახსენებია და ახლა გაახსენდა.

მე არ მჯერა....უნდა მჯეროდეს აუცილებლად? [მთავარი არხის ჟურნალისტს] ისე გაბრაზებული და თვალებს რომ დამიქაჩავთ რა მოხდება ამით, შევშინდები თუ რა? აპრიორი კი არ ვამბობ, ლოგიკაა ასეთი.... თქვენ მგონი თანამონაწილე გახდით იმ რაღაც კამპანიის, რასაც ჰქვია ფაშისტური მიდგომები. "როგორ არ გჯერათ" ფაშისტური მიდგომაა, პირდაპირ გეუბნებით. ჩემთვის არაა დამაჯერებელი, რომ 7 წელი ადამიანი რაღაცას არ აცხადებდა და ახლა გაახსენდა ამ ფაშისტური კამპანიის ფონზე. შეიძლება რაღაც ხდებოდეს, მაგრამ ასეთი დამთხვევების და ასეთი შემთხვევითობების მე არ მჯერა, ჩემი აზრი ესაა და თქვენ ნუ მაიძულებთ, რომ სხვა აზრზე გადავიდე", - თქვა მამუკა მდინარაძემ.

ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ სოციალურ ქსელში პოსტი გუშინ, 20 მარტს გამოაქვეყნა. როგორც ჯაბუა წერს, რამიშვილმა ის დაახლოებით 7-8 წლის წინ სამსახურთან დაკავშირებით გასაუბრების დროს შეავიწროვა:

"ზუსტად არ მახსოვს რომელი წელია. 7-8 წლის წინ დაახლოებით. ძალიან რთული იყო სამსახურის შოვნა, არავინ მყავდა, ვინც ხელს შემიწყობდა ამ კუთხით. დროებით ხან სად ვმუშაობდი და ხან სად. ჟურნალისტობა მინდოდა მუდამ და სამწუხაროდ, უშედეგო იყო მაშინ ყველა მცდელობა. ჩემი ახლო მეგობარი მუშაობდა შალვა რამიშვილთან (მას ცუდი გამოცდილება არ ჰქონია, თორემ მგლის ხახაში არ შემაგდებდა) მითხრა, რაღაც ტელევიზიის გაკეთებას აპირებს და კადრებს ეძებს, ვეტყვი შენზე და დაგიბაროს იქნებ გასაუბრებაზეო. მეც გამიხარდა, შანსი დავინახე, დავთანხმდი. დამიბარა, მაგრამ ვაჟაზე, ოფისად ქცეულ ბინაში. მივედი. (შალვაზე რაღაცები მსმენია, მაგრამ მე თამამი და გამბედავი ადამიანი ვარ, ჩემი თავის იმედი ყოველთვის მაქვს, ამიტომ "არ შემშინებია" მასთან მარტო დარჩენის).

გასაუბრება ნორმალურად დაიწყო. გამომკითხა რაღაცები, მიხვდა რომ "ცოცხალი" გოგო ვარ და შემდეგ დაიწყო: - შენ ისეთი არასტანდარტული და თამამი გარეგნობა გაქვს( წითელი თმები და პირსინგი მქონდა) დარწმუნებული ხარ რომ უბრალო ჟურნალისტი გინდა იყო? - მეთქი, რავი, ახალი ამბების ჟურნალისტობა მინდა.

-ხო გასაგებია, მაგრამ იქნებ რამე შენი გადაცემა გავაკეთოთ. საცურაო კოსტიუმში როგორ გამოიყურები? ეს ცოტა მეუხერხულა, მაგრამ არ დავბნეულვარ - კარგად ალბათ.

-ხოდა ასეთი იდეა მაქვს, აუზში ვიღაცები რომ მოიწვიო და უხერხული კითხვები დაუსვა. მაგალითად რა პოზაში მოსწონთ, ფეილები რა ჰქონიათ, რომელ პორნოს უყურებენ... და ისე შენ როგორ პორნოს უყურებ? გიყვარს?

აი მანდ უკვე გადაჭრით ვიცოდი, ვისთან მქონდა საქმე )) არ ვიცი, ჩემს თავში გადავწყვიტე, რომ არ უნდა შემშინებოდა, სიმშვიდე შემენარჩუნებინა, რაღაც გადამიტრიალდა, თან გავქვავდი (თავდაცვის ინსტინქტი იყო ალბათ) ვიფიქრე, იქნებ თემა შემიცვალოს და მეთქი "გეი პორნოს ალბათ"

-ხოო, ახლა რომ ჩაგირთო რას იგრძნობ?

-არ ვიცი

- მოდი ვნახოთ, უხერხულ სიტუაციებს როგორ უმკლავდები (ამის მერე რთავს პორნოს)

- რას გრძნობ?

- უხერხულობას (თან არ ვიცი, როგორ შევძელი, მაგრამ საერთოდ არაფერს ვგრძნობდი, ერთი ის იყო რომ ვერ ვდგებოდი ადგილიდან)

- არ გინდა დაან*რიო?

-არა

- მე რომ დავანძ*იო, რას იზამ?

- არ ვიცი

ამის მერე იხსნის შარვალს და მიყურებს თვალებში. მე ვპოულობ ძალას, ვდგები რამდენიმე წუთის შემდეგ და კარგი, მე ახლა წავალ და ვიფიქრებ ამ შემოთავაზებაზე.

-კაი, კაი, მოიცა. გაგაცილებ. რითი მოხვედი? აი 10 ლარი გამომართვი და ტაქსით წადი.

არასდროს დამავიწყდება ეგ 10 ლარი, რომელიც რობოტივით გამოვართვი და გამოვედი. 2 საათი ფეხით ვიარე, სახლში მისულმა კიდევ აბაზანაში ვიტირე დიდი ხანი. იმ საღამოსვე მომწერა, არ ვუპასუხე. რამდენიმე დღე მწერდა და მერე ჩემს მეგობარს მიწერა, არ მპასუხობს და რა გითხრა? რას აპირებსო?

ეს ამბავი ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა აქამდე. ერთხელ ერთ კოლეგას ვუთხარი, რომელიც მასთან მუშაობდა და მე ვმეგობრობდისავით - ნუ, მას შემდეგ წამყვანიც გახდა იმ ტელევიზიაში : ) აი ეს არის შალვა რამიშვილი, აი ასეთი ისტორია არის ძალიან, ძალიან ბევრი და ამ ნაძირალა, ბინძურმა არსებამ მე ვერაფერი დამიშავა, იმიტომ რომ "ძლიერი" აღოვჩნდი და არ შემეშინდა მისი, მაგრამ რამდენია, ვისაც უდიდესი ტრავმა მიაყენა?! აი ამ კაცთან მუშაობთ და ამ კაცს უსმენთ და მოგწონთ", - დაწერა მაკო ჯაბუამ.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილეს. 2016 წელს მას ჟურნალისტმა და წამყვანმა, თათია სამხარაძემ უჩივლა. რამიშვილი სექსუალური შევიწროების ფაქტს უარყოფდა. თათია სამხარაძემ ეს დავა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოიგო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი